„მენტალური სიძლიერე სჭირდება, ერთი წაგება არაფერს ცვლის“ | ოლივეირამ ილიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ El Comercio-ს ინტერვიუ მისცა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრაზილიელს ჰკითხეს, რა არის საჭირო, რათა ჯასტინ გეიჯისთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ „ელ მატადორი“ მაღალ დონეზე დაბრუნდეს.
„ვფიქრობ, ილია შესანიშნავი ადამიანი, ბრწყინვალე ჩემპიონი და დიდი სახელის მქონე მებრძოლია. საოცარი ჩხუბები ჩაუტარებია, თუმცა წაგება ამ ყველაფრის ნაწილია. მოგება და წაგება ამ სპორტს თან ახლავს.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ დაბრუნდება. მჯერა, რომ ისეთივე დიდ ჩემპიონად დაბრუნდება, როგორიც რეალურად არის. მას ახლა მენტალური სიძლიერე ესაჭიროება. გარშემო კარგი ადამიანები უნდა ჰყავდეს, რომლებიც გაამხნევებენ და გამარჯვების გზაზე დააყენებენ.
ერთი წაგება არაფერს ცვლის: მთავარია ოჯახთან ახლოს იყოს, გაიგოს, რა ხდება, კარგი მომენტებით ისიამოვნოს და მაღალ დონეზე დაბრუნდეს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა“.
ცნობისთვის, ილიას ფიზმომზადების მწვრთნელის, ხესუს გალიოს თქმით, თოფურიას შეეძლება, დეკემბრის ბოლოს იჩხუბოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი 2027 წლის დასაწყისში დაბრუნებაა. გეიჯისთან მარცხის შემდეგ ილიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.