“ყველაფერი გამოგვივიდა და შედეგიც სახეზეა“ - კოლელიშვილის და ნარსიას კომენტარები
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ავჭალის სტადიონზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 56:3 გაანადგურეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ვიტო კოლელიშვილმა და კაპიტანმა ლუკა ნარსიამ კომენტარები გააკეთეს.
ვიტო კოლელიშვილი:
“განვლილი ორი თამაშის შემდეგ ამ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გახარებული ვარ. გამოსწორებული გვქონდა დისციპლინა და ამინდის მიუხედავად სტატიკაში ბურთსაც ვაკონტროლებდით. ველოდებით შემდეგ თამაშს. ხვალ ქუთაისში გავემგზავრებით და გავაგრძელებთ მზადებას”.
ლუკა ნარსია:
“წვიმის მიუხედავად ჩვენი თამაში ვითამაშეთ, ყველაფერი გამოგვივიდა და შედეგიც სახეზეა. ვეცდებით მაქსიმუმი ვაჩვენოთ მომდევნო თამაშებშიც. ჩემი სამი ლელო გუნდის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემდეგი თამაშები ჩემს ქალაქში, ქუთაისში გვექნება. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებთ, ქართველები ყველგან ერთნაირად გვიყვარს და ყველგან ვეცდებით მათ გახარებას”.
ამ გამარჯვებით, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ვიტო კოლელიშვილის გუნდი მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.