„ის ყველამ ჩამოწერა...“ - პიმბლეტის პროგნოზი მაკგრეგორი-ჰოლოუეიზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი მიიჩნევს, რომ ოქტაგონში დაბრუნდებული კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეის დაანოკაუტებს.
პიმბლეტის თქმით, ფიზიკურ პარამეტრებს კონორის უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდება.
„ჩემი პროგნოზია, რომ კონორი ნოკაუტით გაიმარჯვებს. როგორც ჩანს, მაკგრეგორი ყველამ ჩამოწერა - ხალხი ფიქრობს, რომ მაქს ჰოლოუეი მოუგებს.
თუ ბრძოლა მეოთხე-მეხუთე რაუნდამდე მივიდა, მაშინ მაქსის გამარჯვება უფრო ლოგიკურია. მას მოუწევს, კონორი დგომში დაღალოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩხუბი ქვესაშუალო წონაში გაიმართება, კონორის შანსებს ზრდის.
მსუბუქ წონაში მაქსი ჩარლზ ოლივეირასთან შედარებით უფრო პატარა ჩანდა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იქნება მაკგრეგორი ჰოლოუეისთან შედარებით ქვესაშუალო წონაში“.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოუეი 11 ივლისს, ლას ვეგასში იჩხუბებენ. ირლანდიელი ოქტაგონში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება - 2021 წლის ივლისში ის დასტინ პორიესთან დამარცხდა.
რაც შეეხება ჰოლოუეის, ილია თოფურიასთან სატიტულო ჩხუბში მარცხის შემდეგ მან ჯერ პორიეს მოუგო (2025 წლის ივლისი), შემდეგ კი ჩარლზ ოლივეირასთან დამარცხდა (2026 წლის მარტი). ქვესაშუალო წონაში „დალოცვილი“ პირველად იჩხუბებს.