„ისლამისთვის ზიანის მიყენება დასჭირდება“ - გარიმ რჩევები მიიღო
საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ისლამ მახაჩევის მომდევნო ბრძოლა ჩაინიშნა - 34 წლის დაღესტნელი ჩემპიონი ქვესაშუალო წონით დივიზიონში მოპოვებულ ქამარს პირველად 15 აგვისტოს, ფილადელფიაში, წონის პირველ ნომერ იან მაჩადო გარისთან დაიცავს. მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი შეფასება გააკეთა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა დენ ჰარდმა, რომელმაც ასეთი მოსაზრება დააფიქსირა:
„ბრწყინვალე ჩხუბს ვიხილავთ. იან გარი მაჩადო უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ ის ამ სპორტის მომავალია, რაც მის მეტსახელშიც აისახება. იანი საკუთარ თავს მუდამ ჩემპიონის რანგში წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა ამ დივიზიონში ისლამ მახაჩევი გამოჩნდა.
ისლამს პასუხი ნებისმიერი სტილის წინააღმდეგ გააჩნია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ წარიმათება ჩხუბი, მახაჩევს აქვს თვისებები, რომელთა წყალობითაც პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია.ვიცი, რომ ბრაზილიაში ჩასულმა გარი ჯიუ-ჯიცუში ვარჯიშის შემდეგ პარტერში მუშაობა ისწავლა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ისლამის ზეწოლა გაუძლებს.
ბოლო დროს UFC-ის ხელმძღვანელები ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრებს კონტრაქტებს ხშირად უფორმებენ, რომლებიც ერთი ხელწერით გამოირჩევიან. არაჩვეულებრივი ჭიდაობა, მუდმივი ზეწოლა და დარტყმის ტექნიკაც დახვეწეს, მათ შორის საუკეთესო კი მახაჩევია.
სწორედ ამიტომ, არ ვიცი იან გარი რამდენად შეძლებს ისეთი სპარინგ-პარტნიორის მოძებნას, რომელიც მას ისლამისთვის კარგად მოამზადებს. თანაც, ქვესაშუალო წონაში გადასვლის შემდეგ, დაღესტნელი თავს გაცილებით კარგად გრძნობს და ფიზიკურად უკეთ გამოიყურება.
გარი ძალიან ტექნიკური დამრტყმელია, მაგრამ მას მოსაგებად მახაჩევისთვის რეალური ზიანის მიყენება დასჭირდება. 25 წუთის განმავლობაში მხოლოდ ქულებზე მუშაობა ირლანდიელს კარგს არაფერს მოუტანს, რადგან ისლამი თავის მომენტს აუცილებლად დაიჭერს“.
შეგახსენებთ, რომ იან გარი მაჩადომ ბოლოს რამდენიმე თვის წინ იბრძოლა და ბელალ მუჰამედი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ისლამ მახაჩევმა ნოემბერში ჯეკ დელა მადალენას მოუგო და ორი წონის ჩემპიონი გახდა.