„დარწმუნებული ვარ, ილია რემატჩს მოიგებს“ - ესპანელმა მებრძოლმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ესპანელმა მებრძოლმა და ეჩერ სოსამ ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ უფრო ძლიერი დაბრუნდება და გეიჯისთან რევანშსაც აიღებს.
რას ამბობს სოსა:
„ვნახოთ, ეს MMA არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ილიას გამო ძალიან მწყდება გული, რადგან მას პირადად ვიცნობ, ის დიდებულია. უბრალოდ მინდა ვთქვა: მადლობა, ილია, ყველაფრისთვის, რაც ესპანურ MMA-ს მიეცი. ნეტავ, ოდესმე მეც მივაღწიო იმის ნახევარს, რასაც შენ მიაღწიე. ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ახალგაზრდა და ძლიერია, საოცარი მენტალიტეტი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.“
„თუ ილია აქამდე მივიდა, ეს ტყუილად არ მომხდარა — ის ძალიან ჭკვიანია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონის სტრატეგიის ეჭვქვეშ დაყენება დიდი ქედმაღლობა იქნებოდა და ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. დაუშვეს თუ არა შეცდომა, ამას თავად განიხილავენ გუნდის შიგნით. მე ამ საკითხში არ ვერევი, თუმცა მიმაჩნია, რომ მას შეცდომა არ დაუშვია. მან ხომ ორ წონით კატეგორიაში მოახერხა მსოფლიო ჩემპიონობა, რაც UFC-ის მთელ ისტორიაში მხოლოდ ხუთმა ათლეტმა შეძლო. ასე რომ, სერიოზულ შეცდომას ნამდვილად არ დაუშვებდა.“
„ცუდი დღე ყველას შეიძლება ჰქონდეს. ყველა ცდება, ყველა უშვებს შეცდომას და ცუდი დღე ყველას აქვს. უბრალოდ, როცა ადამიანს ოფისში აქვს ცუდი დღე, ის რაღაც ანგარიშებში ცდება, ამ სპორტში კი ცუდი დღე ნიშნავს, რომ სახეს დაგიმტვრევენ. ცუდი დღე ყველას შეიძლება ჰქონდეს და სულ ეს არის, მეტი არაფერი. კიდევ რომ ეჩხუბათ, დარწმუნებული ვარ, ილია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებდა.“
„იმედია, ისევ იბრძოლებს და კვლავ ის ილია იქნება, როგორიც ყოველთვის იყო — გამარჯვებული და მეტოქეებისთვის თავების მომგლეჯი. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. სწრაფ გამოჯანმრთელებას, რადგან ეს ყველაზე მთავარია. რომ კარგად ხედავდეს, თვალები კარგად მოუშუშდეს და ჯანმრთელად იყოს. და რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლოს თავისი სპორტული კარიერით ტკბობა. იმედია, მალე კვლავ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, რადგან საამისო დონეც აქვს და მონაცემებიც.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.