ლაშა გურული
Aa
Aa

ინგლისში იბრძოლებს - ცნობილია ლაშა გურულის მორიგი ბრძოლის თარიღი

ქართველი მოკრივე ლაშა გურული პროფესიონალურ რინგზე მორიგ შეხვედრას 20 ივნისს ჩაატარებს. პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ-მერის“ სტადიონზე ადგილობრივ მოკრივეს, ლიამ დილონს დაუპირისპირდება.

30 წლის დილონს პროფესიონალურ კარიერაში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 16 გამარჯვებით დაასრულა. ინგლისელი საკუთარ ქვეყანაში გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მოკრივის რეპუტაციით სარგებლობს, რაც ქართველისთვის სერიოზულ გამოცდას ნიშნავს.

ლაშა გურულისთვის ეს პროფესიონალურ კრივში მეხუთე ორთაბრძოლა იქნება. ქართველმა აქამდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა და დაუმარცხებელი სტატუსი შეინარჩუნა. გამარჯვების შემთხვევაში გურული პროფესიონალურ კარიერას 5-0 ბალანსით გააგრძელებს და კიდევ უფრო მიუახლოვდება მაღალი დონის ბრძოლებს.

29 წლის ქართველი სპორტსმენი ფართო საზოგადოებამ სამოყვარულო კრივში წარმატებული გამოსვლებით გაიცნო. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიის ბრინჯაოს მედალია, რის შემდეგაც გურული საერთაშორისო კრივის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად ჩამოყალიბდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები