18 მედალი გორში ევროპის თასზე - ორი ქართული ფინალი
გორში გამართული ძიუდოს ევროპის თასის საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი, სადაც 18 ქვეყნის 191 სპორტსმენი ასპარეზობდა, ქართველმა ძიუდოისტებმა 18 მედლით დაასრულეს, საიდანაც 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოსი იყო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გულშემატკივარმა ქალთა შორის - 52, ხოლო ვაჟებში 73 წონით კატეგორიებში ქართული ფინალები იხილა.
ნინო თათრიშვილს 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ორი ბრძოლის მოგება დასჭირდა და ორივე შემთხვევაში თანამემამულეს აჯობა. ნახევარფინალში ის ლიზი ძოწენიძეზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო ფინალში მარიამ ბენდელიანი იპონით დაამარცხა.
რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, მან ფინალამდე ისრაელელ რონალდ კოკოლაიევს, რუს ილია პიროგოვს, აზერბაიჯანელ რუფატ შოვლატოვს და კიდევ ერთ რუსს ბაგატირ აკაევს აჯობა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში თორნიკე მოსიაშვილს იუკოთი მოუგო.
კიდევ ერთი ქართული ფინალი მძიმე წონით კატეგორიაში უნდა შემდგარიყო, თუმცა საბა ქარდავა შეხვედრას ტრავმის გამო ჩაეხსნა და გიორგი ბადუაშვილი ჩემპიონი უბრძოლველად გახდა. რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს (90 კგ), მან რუსი რამინ ბაიაზოვის, ყაზახი დიდარ ხამზას და აზერბაიჯანელი ხაიამ ალიევის ძლევის შემდეგ, ფინალში რუს ალი დათხუზიევს ბრწყინვალე სტილში, მახრჩობელა ილეთით აჯობა.
ცნობისათვის, მარიამ ბენდელიანის (52 კგ), თორნიკე მოსიაშვილის (73 კგ) და საბა ქარდავას (+100 კგ) გარდა, გიორგი ჯოჯიშვილი (60 კგ), მარიამ წურწუმია (48 კგ) და გიორგი არღვლიანი (81 კგ) გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილი კი, ელენე გვაზავამ (52 კგ), ალეკო კასრაძემ (73 კგ), ნინო წიკლაურმა (57 კგ), ვაჟა ავაზნელმა (81 კგ), ჯუმბერ მელაძემ (81 კგ), ლიზი კვარაცხელიამ (70 კგ), გიგა ტატიაშვილმა (+100 კგ) და თამაზ ბიგანაშვილმა (+100 კგ) დაიკავეს.