„საუკეთესოებს შორის ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებ“ | ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილთან
ძიუდოს ლეგენდამ, ლაშა შავდათუაშვილმა EJU-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 34 წლის ჯუდოკა აზერბაიჯანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„ჩემთვის, ამ ეტაპზე, ასაკი უბრალოდ რიცხვებია. გულშემატკივრები და ძიუდოს სამყაროში მყოფი ხალხი მხოლოდ რიცხვებს ხედავს. არ მიყვარს, როდესაც ხალხი გვაკრიტიკებს, მაგალითად, როდესაც გარკვეულ ეტაპზე შედეგი არ მაქვს ან ტურნირებს ვაგებ. სავარაუდოდ, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ისინი ჩვენს ყოველდღიურ მძიმე შრომას ვერ ხედავენ. რომ ხედავდნენ, რამხელა შრომას ვდებ იმისთვის, რომ საუკეთესო ვიყო, დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლიდნენ“.
რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს ძალას, რათა არ გაჩერდეს, პასუხი მარტივია: მას სპორტი და წარმატების მისაღწევად გაწეული შრომა ძალიან უყვარს.
„პირველ რიგში, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ეს ჩემი არჩევანია. სიამოვნებას მანიჭებს ყოველდღიური მძიმე შრომა. დილით ვიცი ჩემი რეჟიმი. რაც უფრო ასაკი მემატება, მით უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ დისციპლინას და ეს ძალიან მომწონს. ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც, რასაც შეუძლია ყველაზე ბედნიერი გახადოს და სიამოვნება მოუტანოს. ჩემთვის ეს ძიუდოა. ის ყველაფერია. მან მომიტანა ყველაფერი, რაც დღეს მაქვს.
ძიუდო ჰგავს კარგი მეგობრის ყოლას, რომელსაც ყოველთვის გინდა, რომ ასიამოვნო და ვალში არ დარჩე. ვცდილობ, ვარჯიშისა და შრომის საშუალებით სპორტს დავუბრუნო ის, რაც მისგან მივიღე. მიყვარს, როდესაც ეს ორმხრივია. ცალმხრივი ურთიერთობა არ მიყვარს. როდესაც ბევრს ვშრობობ და შედეგებს ვიღებ, ამ სპორტის მადლიერი ვრჩები.
ერთ შეხვედრაში გამარჯვება, ერთხელ ხელის მაღლა აწევა — ეს უბრალოდ მომენტია შენს ცხოვრებაში, კონკრეტული ბედნიერი დღე. მაგრამ როდესაც ცდილობ, ეს წლების განმავლობაში და მრავალჯერ გაიმეორო, ეს უკვე ძალიან დიდი, მძიმე შრომის ნაყოფია. ყოველთვის მომწონს გრძელ დისტანციაზე ასპარეზობა. შეიძლება ერთხელ დამამარცხო... მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მე სამჯერ მოვიგებ“.
იმ ყველა ტიტულს შორის, რომლებიც შავდათუაშვილს წლების განმავლობაში მოუგია, ბოლო წარმატებას მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე თბილისში, მას ჰქონდა იშვიათი შესაძლებლობა, ეასპარეზა და, საბოლოოდ, მოეგო დიდი ტურნირი მშობლიური ტრიბუნებისა და საყვარელი გულშემატკივრების თვალწინ.
„ჩემი ოცნება საქართველოში ასეთ ტურნირზე ასპარეზობა იყო. მინახავს, როგორ გახდა რიოში, საკუთარ ქვეყანაში, რაფაელა სილვა ოლიმპიური ჩემპიონი. მაშინ ძალიან ვისიამოვნე იმ მომენტით და არ ვიცოდი, ჩატარდებოდა თუ არა ოდესმე მსგავსი ტურნირი ჩემს ქვეყანაში. როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, ეს სულ სხვაგვარად მივიღე, სულ სხვა ემოციებით. ამ ჩემპიონატისთვის თავდაუზოგავად ვიშრომე — ჯერ იმისთვის, რომ შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი და შემდეგ გამარჯვებისთვის მიმეღწია.
ტურნირამდე ძალიან რთული გზა გავიარე. ბევრი დამარცხება, ბევრი კრიტიკა. იმ მომენტში არ ვიცოდი, მოვიგებდი თუ წავაგებდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლო წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებდი და მაქსიმუმს გავაკეთებდი, დანარჩენი უბრალოდ მომენტი იყო“.
სისხლმა, ოფლმა და ცრემლებმა ნამდვილად გამოიღო შედეგი — მან -73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა, რასაც სტადიონზე ქართველი გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა. ახლა მისი ყურადღება კიდევ ერთ დიდ ტურნირზეა გადატანილი და ლაშას აქვს კიდევ ერთი შანსი, მოიგოს ტიტული, რომელიც 2021 წელსაც მოიპოვა. ამჯერად გარემო მთლად შინაური არ არის, თუმცა ახლოსაა — 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში, 4-12 ოქტომბერს იმართება. ამ ტურნირს საქართველოს ნაკრები ცვლილებებით ხვდება. შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი მრავალწლიანი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გარეშე მიემგზავრება, რომელმაც ახლახან უზბეკეთში დაიწყო მუშაობა.
„ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ეს უბრალოდ სასიამოვნო პერიოდად დარჩება ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც სხვა მწვრთნელებთან. ისევე, როგორც სხვებს, მასაც დიდ მადლობას ვუხდი ერთად გატარებული დროისთვის“, — განაცხადა შავდათუაშვილმა გუჯეჯიანის წასვლაზე.
ბაქოს მიღმა კიდევ ერთი აშკარა კითხვა დგას: ლოს-ანჯელესი 2028, რაც მისთვის მეხუთე ოლიმპიური თამაშები იქნება.
„არ ვიცი, ეს პროცესია. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ეს ეტაპებია. ჩემთვის მთავარია, რომ ჯერ კიდევ საუკეთესოებს შორის ვარ და ჯერ კიდევ შემიძლია ამის გაკეთება. ჩემი მთავარი მიზანი მარტივია: ვიბრძოლებ ამისთვის; ვიბრძოლებ ბოლომდე“.