მარცხი პირველ რაუნდში | ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილმა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
მარგველაშვილი პირველ რაუნდში მასპინძელ ნიზამი იმრანოვს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთითა და 59 წამით ადრე, მარგველაშვილს ჰანსოკუ-მაკე დაუფიქსირეს. იმრანოვის ილეთის შემდეგ ვაჟამ თავის დაცვა სცადა, მაგრამ ფეხზე მდგომ მეტოქეს ფეხში ხელი მოკიდა და იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა, რის გამოც უმკაცრესი სასჯელი მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების სახელით ხვალ სამი ჯუდოკა იასპარეზებს და ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი, ნინო ლოლაძე და ეთერ ლიპარტელიანი გავლენ. ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას მაია ლეოპოლდთან გამართავს, ლოლაძე აკარი ომორის დაუპირისპირდება, შავდათუაშვილის მეტოქე კი ჯოშუა გრინი ან დარდან სენა იქნება.