„სულერთია არმანი იდგება თუ ჯასტინი“ | თოფურიასა და გეიჯის პრესკონფერენცია
UFC Freedom 250 არის ღონისძიება, რომელსაც თბილისის დროით 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“, უმასპინძლებს და მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა. დღეს ღონისძიების მონაწილეებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ილია თოფურია
მთავარი მოვლენის მონაწილეობაზე: „UFC-ისა და დენა უაითის მადლიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილედ ამირჩიეს. მადლობის გარდა არაფერი მეთქმის და ამას ძალიან ვაფასებ“.
რას ელოდება ჯასტინ გეიჯისგან: „ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ჯასტინ გეიჯის ჩემნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია. ერთადერთი, რაც მისგან მინდა, ისაა, რომ ოქტაგონში შემოვიდეს, დანარჩენს მე მივხედავ“.
არმან ცარუკიანზე, რომელიც ბრძოლას დააზღვევს: „სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, ოქტაგონში ჩემ წინ ვინ იდგება. ვინც არ უნდა იყოს, მას პირველივე რაუნდში ყბას მოვატეხ. სულერთია, ჯასტინი იქნება თუ არმანი“.
ტრამპთან შეხვედრაზე: „აშშ-ის პრეზიდენტის წინ დგომა საოცარი შეგრძნება იყო. როგორც ვუთხარი, არ ველოდებოდი, რომ ასეთი კეთილი იქნებოდა. მან ყველა მებრძოლზე ყველაფერი იცოდა და საოცარი გამოცდილება იყო. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები და ლამაზ სტილში როდის მოვიგებ“.
ჯასტინ გეიჯი
ემოციები „თეთრი სახლის“ მთავარი მოვლენის მონაწილედ ყოფნაზე: „ეს ახდენილი ოცნებაა. ნულიდან დავიწყე და ასეთ დონეზე ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა საოცარი შეგრძნებაა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ჩემი პირველი ბრძოლა გარეთ, ეზოში გავმართე და ერთ-ერთი ბოლო ბრძოლაც ღია სივრცეში მექნება. გიჟური ცხოვრებაა. მზად ვარ. არ მაინტერესებს, დავმარცხდები თუ გავიმარჯვებ. ოქტაგონში შევალ და შევეცდები, ეს ბიჭი დავანოკაუტო. „თეთრი სახლის“ მიმდებარე გაზონზე რაკეტებს გავისვრი. გპირდებით!“
რა დონეზეა ილია მის ძველ მეტოქეებთან შედარებით: „მეორე ყველაზე რთული გამოცდაა ხაბიბ ნურმაგომედოვის შემდეგ. სამი ნოკაუტი, რომლებიც მან ვოლკანოვსკისთან, ჰოლოუეისთან და ოლივეირასთან შეასრულა, ლეგენდარულია. სწორედ ამიტომ, ჩემი გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური იქნება“.
სირილ განი (მისი კომენტარის დროს პუბლიკა უსტვენდა და „შამა, შამა, შამას“ სკანდირებდა)
„თეთრ სახლში“ ბრძოლაზე: „ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ოქტომბრის შემდეგ ვვარჯიშობდი, რადგან მეგონა, ტომ ასპინალთან რემატჩი გვექნებოდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე ვიბრძოლებ“.
გამოიყურება თუ არა ალექს პერეირა მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლივით: „კი, ზუსტად ასეა. ეს სიურპრიზი არ ყოფილა. 2-3 წლის წინ საფრანგეთში ფეისოფი გვქონდა. უკვე მაშინ იყო ფიზიკურად დიდი და საკითხავი იყო, საშუალო წონაში წონას როგორ აბარებდა“.
პერეირა უფრო რთული მეტოქეა თუ ტომ ასპინალი: „საერთოდ განსხვავებული ბრძოლაა. პერეირა შესანიშნავი სტრაიკერია, UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ტომ ასპინალი უფრო სრულყოფილია. განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება“.
ალექს პერეირა
მესამე ტიტულის შანსი და არის თუ არა ეს წნეხი: „მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, ჩემ მიერ გაწეული სამუშაოა. ეს ჯილდოა და ამავდროულად შანსია, რომ მესამე ქამარი მოვიგო. ეს ისტორიული მოვლენა იქნება და ხალხს შთააგონებს. გამოწვევებით სავსე გზა მაქვს გამოვლილი და შემიძლია, გულშემატკივრებს ლამაზი ისტორია ვაჩვენო“.
დაბრუნდება თუ არა ქვემძიმეში: „დენა უაითი პრეზიდენტია და აქ იმიტომ ვარ, რომ ვიბრძოლო. რასაც მოისურვებს, ყველაფერზე თანახმა ვარ“.
სირილ განზე: „ყველა მეტოქე გამოწვევაა და გამონაკლისი არც განია. ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. როგორც მან აღნიშნა, არ იცოდა, საშუალო წონაში წონას როგორ ვაბარებდი. ყოველთვის მძიმე წონისთვის ვემზადებოდი და მზად ვარ“.