ვერცხლის მედალი და საქართველოს რეკორდი | მარიამ მურღვლიანის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
ეგვიპტეში 20-წლამდე ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ფიცარნაგზე 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ მურღვლიანი გავიდა და საქართველოს რეკორდი დაამყარა.
მარიამმა ატაცში პირველ მისვლაზე 105 კილოგრამი დააფიქსრა, მეორე მისვლაზე 108 კილოგრამი დაძლია, ხოლო მესამე მისვლაზე 111 კილოგრამი ასწია, რაც ატაცში მეორე საუკეთესო შედეგი გახლავთ და მარიამმა ამ მოძრაობაში, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. მურღვლიანი მხოლოდ რაჰმა ელსაიედს ჩამორჩა, რომელმაც 114 კილოგრამი დააფიქსირა.
მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 131 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, იმავე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 242 კილოგრამითაც. მარიამმა საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა ატაცში რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 5 კილოგრამით, ხოლო ორჭიდში 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი ძალოსანი იასპარეზებს. მარიამის შემდეგ, 20:00 საათიდან გოგა ჯაჯვანისა და ლუკა სილაგაძის (94 კგ.) გამოსვლას ვიხილავთ.