„უფრო ძლიერი დავბრუნდები“ | ალკარასი როლან გაროსს გამოტოვებს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, კარლოს ალკარასი „როლან გაროსს“ გამოტოვებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც 18 მაისს დაიწყება, ტიტულს ვერ დაიცავს.
„დღეს ჩატარებული ტესტების შედეგების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გონივრულია სიფრთხილე გამოვიჩინოთ და სანამ მდგომარეობის განვითარებას დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, როდის დავბრუნდეთ კორტზე, არ მივიღოთ მონაწილეობა რომის ტურნირსა და როლან გაროსზე. ჩემთვის რთული მომენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დავბრუნდები“, — განაცხადა ალკარასმა.
Después de los resultados de las pruebas realizadas hoy, hemos decidido que lo más prudente es ser cautos y no participar en Roma y Roland Garros, a la espera de valorar la evolución para decidir cuándo volveremos a la pista. Es un momento complicado para mí, pero estoy seguro de… pic.twitter.com/U6PhjtXnBX
— Carlos Alcaraz (@carlosalcaraz) April 24, 2026
„კარლიტოსმა“ მარჯვენა ხელის მაჯის ტრავმა 14 აპრილს, ბარსელონას ღია პირველობის პირველ რაუნდში მიიღო. Marca-ს ინფორმაციით, ჩოგბურთელს დღეს დილით კვლევები ჩაუტარეს, რომელთა შედეგიც დამაკმაყოფილებელი არ გახლდათ და ალკარასმა დიდი სლემის ტურნირის გამოტოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს დიდი სლემის მეორე ტურნირია, რომელსაც ალკარასი გამოტოვებს. 2023 წელს, მან ავსტრალიის ღია პირველობაზე ფეხის კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. „კარლიტოსი“ „როლან გაროსის“ ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია და შანსი ჰქონდა, მესამედ მოეგო.