„საოცარი გულშემატკივრობა იყო“ | მსხალაძის, ასანიძისა და ტალახაძის კომენტარები
ზურაბ მსხალაძემ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლს დაეუფლა. გამოსვლის შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„უფრო მეტს ველოდებოდი. სამწუხაროდ, სტარტი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მეგონა, რომ მექნებოდა, მაგრამ არ დავნებებულვარ. ამან მეტი მოტივაცია მომცა და მაინც კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემპიონატი ჩემს მხარეში ტარდება. ეს ემოციებით მავსებს და ბევრად უკეთესია. საოცარი გულშემატკივრობა იყო და ჩემთვის ეს მთავარი სტიმული გახლდათ. მწვრთნელები რომ არა, აქ ვერ მოვიდოდი. ისინი ჩემი მოტივატორები არიან“, — განაცხადა მსხალაძემ.
„რა თქმა უნდა, წინებზე უკეთესი დღე იყო. ყველა სინჯის მედალი ერთ დღეს ავიღეთ. მადლობა ბიჭებს, მადლობა ზურას და მანუჩარს. მინდოდა, ორჭიდის ჯამში ორივე ასულიყო კვარცხლბეკზე. ამის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ შეჯიბრზე ყველაფერი ხდება. მანუჩარს ცოტა ნერვებმა უმტყუნა. მადლობა ყველას, ვინც ფედერაციას ეხმარება და მადლობა გულშემატკივრებს. განსაკუთრებული მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელმაც მომავალ თაობას უდიდესი სტიმული მისცა. ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და ჩანს, რამხელა პოტენციალი გვაქვს“, — აღნიშნა ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ.
„კარგი დღე იყო. ვგეგმავდით, რომ მედლებს ავიღებდით და ბიჭებმა იმედები გაამართლეს. გოგოხიამ და მსხალაძემ იბრძოლეს და ამან შედეგი გამოიღო. აქ არ გავჩერდებით და კიდევ გვექნება მედლების მოპოვების საშუალება. წარმატებები ბიჭებსა და გოგონებს. ჩემი მთავარი თხოვნა იყო, უბრძოლველად არაფერი დაგვეთმო და სწორედ ეს გავაკეთეთ“, — დასძინა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსხალაძის გარდა მედალი მანუჩარ გოგოხიამაც აიღო, რომელიც ატაცში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.