„ყველაფერი აქვს, რომ სტანისიჩი გააწამოს“ | L'Equipe კვარას თამაშს ეხმაურება
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევებს მიუძღვნა. „კვარაცხელიამ, დუემ და დემბელემ „ნანტის“ წინააღმდეგ გაიბრწყინეს. „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევები „ბაიერნთან“ მატჩისთვის 100 პროცენტით მზად არიან“, — წერს L’Equipe და ქართველ გარემარბზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს.
„ეგონა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“, — თქვა ლუის ენრიკემ, რომელიც ხუმრობის ხასიათზე იყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებდა. 2025 წელს, პარიზში გადასვლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ევროპულ საღამოებზე ბრწყინავდა, გაზაფხულზე კი ლიგა 1-ის ძლიერ გოლეადორად იმკვიდრებს თავს.
ქულის ვერ გადამრჩენელი შედევრი „ლიონის“ წინააღმდეგ და „ნანტთან“ დუბლი, რომლის მეორე გოლიც ნამდვილი მარგალიტი იყო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი თავის მაგიას უკვე საფრანგეთის ჩემპიონატშიც ავლენს.
„ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ,“ — თქვა მან, ჩვეული სიმშვიდით. „ჩემი გოლი? მაგარი იყო, ჯერ არ მინახავს, მერე ვნახავ.“
როდესაც დივანზე წევს და საკუთარ გოლებს უყურებს, კვარა მათ თავისი უნარების კომბინაციად და ამჟამინდელი თავდაჯერებულობის გამოხატულებად აღიქვამს. ყველაფერი მასში, მოძრაობით დაწყებული, დარტყმებით დამთავრებული, თავდაჯერებულობის გამოხატულებაა და ოთხშაბათს „ნანტის“ ფეხბურთელს, მატიე აკაპანდის, ძალიან მძიმე ეპიზოდების გადატანა მოუწია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ნანახიდან (ჩელსი, ლივერპული...) გამომდინარე, კვარაცხელია პარიზში (უკვე 16 გოლი ამ სეზონში) აშკარად ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ატარებს. საუკეთესო პერიოდი უდგას? ეს კარგი შეკითხვაა. ფაქტია, გუნდის იმედების ნაწილი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეს, სწორედ მასზეა დამოკიდებული, რადგან ისეთ ფორმაშია, ყველაფერი აქვს, რომ „ბაიერნის“ განაპირა მცველი, იოსიპ სტანისიჩი გააწამოს,“ — წერს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, კვარაცხელია „ნანტთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 25 აპრილს „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს.