საუკეთესო თანაგუნდელებს შორის - ცხოვრებაძის შედეგიანი მატჩი
„ზაგრებისთვის“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება წარუმატებელია და ხორვატიის კლუბი ჯგუფის უიმედო აუტსაიდერად ითვლება, თუმცა ქართველ ხელბურთელს გიორგი ცხოვრებაძეს ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის. ისევე როგორც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წელს გამართულ მატჩთა უმეტესობაში, 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ამჯერადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ლიგის მეცამეტე წრეში ზაგრელებმა „ორლენ ვისლა პლოცკის“ უმასპინძლეს და დიდი სურვილი ჰქონდათ პოლონეთში სამბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხისთვის რევანში აეღოთ, თუმცა ამჯერად კიდევ უფრო მძიმე მარცხი განიცადეს და 26:34 წააგეს. ცხოვრებაძემ 6 გოლის გატანასთან ერთად, 2 შედეგიანი პასი შეასრულა, რითაც თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. განსაკუთრებით გამოსარჩევია გიორგის მიერ მეორე ტაიმში გატანილი ერთ-ერთი ბურთი, რომელიც მის ელეგანტურ მოძრაობას მოჰყვა.
ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით „ზაგრები“ შიდა ასპარეზზე მაღალ დონეზე გამოდის და ხორვატიის ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს. წლევანდელ ლიგას ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები 11 მარტს, დანიის GOG-თან თამაშით დაასრულებენ.