TOP 14-ის ასიანთა კლუბში - გორგაძის საიუბილეო მატჩი
ბექა გორგაძემ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა. TOP 14-ის რეგულარული გათამაშების XVIII ტურში „პომ“ საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული „ბორდო“ 22-ქულიანი სხვაობით, 39:17 დაამარცხა და მართალია ლელო არ დაუდია, თუმცა თავისთვის ღირსშესანიშნავ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გორგაძე ტრადიციულად სასტარტოში იყო. 80 წუთის განმავლობაში ერთი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 15 წარმატებული ბოჭვა შეასრულა. ბოლო ლელო კი მისმა თანაგუნდელმა მას შემდეგ დადო, როდესაც ბექამ „ბორდოს“ იერიში ჩაშალა და გადაცემა ჩაჭრა. შედეგად როგორც გორგაძე, ასევე მისი თანამამამულე ლექსო ყაულაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ცნობისათვის, ბექა გორგაძე საფრანგეთის TOP 14-ში 2018 წლიდან ასპარეზობს და თუ საწყისი სამი სეზონი „ბორდოს“ შემადგენლობაში თამაშობდა, უკანასკნელი ხუთი სეზონია „პოს“ ღირსებას იცავს. 100 შეხვედრაში მან ევროპის უძლიერეს ლიგაში 15 ლელოს დადება მოახერხა.