„ისლამს საქმეს ეს ფაქტი გაუიოლებს“ - პეიჯი მახაჩევი-გარის ბრძოლაზე
ჯერჯერობით ოფიციალურად ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის ბრძოლა არ ჩანიშნულა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დაღესტნელი ჩემპიონი UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონში საჩემპიონო ქამარს პირველად სწორედ ირლანდიელთან დაიცავს, რის გამოც მათ შესაძლო დაპირისპირებაზე სხვადასხვა მებრძოლებს აზრს აქტიურად ეკითხებიან. ამჯერად მსგავსი კითხვით ამავე წონის მეთოთხმეტე ნომერს მაიკლ პეიჯის მიმართეს, რომელმაც Bloody Elbow-სთან ინტერვიუში ასეთი პროგნოზი გააკეთა:
„სიმართლე გითხრათ იან გარის ბოლო შეხვედრამ ბელალ მუჰამადთან შოკში ვერ ჩამაგდო, მაგრამ თვითონ ამ ჩხუბმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ირლანდიელი უზომოდ ჭკვიანი მებრძოლია, რომელსაც არაჩვეულებრივი დარტყმის ტექნიკა აქვს არსენალში. ცხადია, უპირატესობას აძლევს სიმაღლეც და ამის გამო მისი პარტერში გადაყვანა და იქ კონტროლი სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. იანი სწრაფად პროგრესირებს და ჯიუ-ჯიცუში მისი უნარებიც საგრძნობლად არის გაუმჯობესებული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისლამ მახაჩევი - მე ცხოვრებაში ერთხელ ვნახე, რომ პარტერში გადაყვანილმა ჯეკ დელა მადალენამ რთული სიტუაციიდან თავი ვერ დაიძვრინა და ეს სწორედ ისლამთან ბრძოლაში მოხდა. ეს კარგად აჩვენებს იმ ფაქტს, თუ რამდენად ძლიერია ისლამი გრეპლინგში და სწორედ ამ კომპონენტში გაუჭირდება ირლანდიელს. ვფიქრობ, ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მახაჩევს ერთხელ მაინც მიეცემა გარის მტკივნეულ ილეთზე დაჭერის საშუალება და ამას კარგად გამოიყენებს. ისლამს საქმეს ისიც უიოლებს, რომ მაჩადო გამოკვეთილი სტრაიკერი არ გახლავთ და ძირითადად დისტანციაზე ჩხუბს ანიჭებს უპირატესობას“.
შეგახსენებთ, რომ იან გარი მაჩადო ოქტაგონში ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე გავიდა და ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამადი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.