მწვრთნელო, მე არასდროს დავმარცხდები | როგორ მოხვდა ჩიმაევი UFC-ში
ხამზატ ჩიმაევის მწვრთნელმა ალან ნასიმენტომ MMA Today-სთან ინტერვიუში ხამზატის UFC-ში მოხვედრის პერიოდი გაიხსენა.
„მე მას შორტები მივეცი და ვუთხარი: თუ მოიგებ, დაიტოვე, თუ წააგებ, დამიბრუნე-მეთქი. მან პირველივე დღეს მიპასუხა: მწვრთნელო, მე არასდროს დავმარცხდები.
აიღო ჩემი ლოგოს მქონე ნაჭერი და შორტზე დააკერა. როგორც კი შორტები მივეცი, მაშინვე გასახდელში შევიდა, ნიჟარასთან საპნით გარეცხა, მერე კორიდორში ჩამოკიდა გამოსაშრობად. ბრძოლა ნაშუადღევს ჰქონდა, საღამოსთვის უკვე მშრალი იყო და პატჩი დააკერა (ქსოვილის პატარა ნაჭერი, რომელზეც გამოსახულია მწვრთნელის ან მისი კლუბის სიმბოლიკა). ასე დაიწყო ყველაფერი. გავიდა, მეტოქეს მახრჩობელა ილეთით მოუგო და იმ ბრძოლის მერე მის გონებაში რაღაცამ თითქოს დააწკაპუნა. ამის შემდეგ პროფესიონალებში გადავიდა და ყოველ ბრძოლაში ჩემს შორტებს მთხოვდა. ერთი და იგივე რიტუალი გვქონდა ყოველ ჯერზე, სანამ იკრამთან ბრძოლა არ მორჩა.
მერე 9 თვე არ უჩხუბია. ერთ დღესაც, ვარჯიშის მერე სადილზე გასვლას ვაპირებდით, როცა მენეჯერი მოვიდა და უთხრა: აი აქ მოაწერე ხელიო. იმ დროს ხამზატი 6-0-ზე იყო. უთხრეს: საბრძოლო კუნძულზე მიდიხარ, UFC-ში ხარო. ერთ-ერთ მებრძოლს კოვიდი დაუდასტურდა და სასწრაფოდ შემცვლელი სჭირდებოდათ. და აი, იქ უკვე ჩემი შორტების გამოყენება აღარ შეეძლო.“
ნასიმენტო ხამზატ ჩიმაევის მწვრთნელია, ის არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს (BJJ) შვედეთში მოღვაწე სპეციალისტია, რომელიც ხამზატს 2017 წლიდან, ჯერ კიდევ მისი მოყვარულობის პერიოდიდან ავარჯიშებს.
31 წლის ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია, თუმცა შონ სტრიკლენდი მართებულად აღნიშნავს, რომ ხამზატი ბრძოლებს იშვიათად მართავს (იხილეთ). ბოლო სამ წელიწადში მან მხოლოდ სამჯერ იჩხუბა: 2023 წელს კამარუ უსმანთან, 2024 წელს რობერტ ვიტაკერთან, ხოლო გასულ წელს — დრიკუს დუ პლესისთან.