დენა უაითის განცხადება | ილია VS გეიჯი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც 14 ივნისს თეთრი სახლი უმასპინძლებს. ორგანიზაციის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ღონისძიების საბრძოლო ქარდი უკვე შედგენილია.
„ორი განსხვავებული ვარიანტი გვაქვს. თეთრი სახლის ქარდი გასულ კვირას დავალაგეთ. რამდენი საჩემპიონო ორთაბრძოლა იქნება? ამას ჯერ ვერ გეტყვით,“- აღნიშნა დენამ.
უაითის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს მიხედვით, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იქნება, რაც ნიშნავს, რომ UFC-ის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე „ელ მატადორს“ ვიხილავთ.
რაც შეეხება მეორე ინფორმაციას, კოლმენერომ აღნიშნა, რომ ისლამ მახაჩევი საჩემპიონო ქამარს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის წარმომადგენელთან დაიცავს და თოფურიას არ შეხვდება. ისლამი თეთრი სახლის ქარდზე არ იჩხუბებს, ოქტაგონში მოგვიანებით შევა და ამ მომენტისთვის მასთან ჩხუბის ყველაზე მაღალი შანსი იან მაჩადო გარის აქვს.
კოლმენეროს ინფორმაციას დაემთხვა გარის მიერ გავრცელებული ფოტო. მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ საქართველოში, კერძოდ კი თბილისიში ჩამოდის. გარის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ნათქვამი აქვს, რომ თუ მახაჩევს შეახვედრებენ, მასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად საქართველოში ჩავა და ქართველ მოჭიდავეებთან იმუშავებს, რომლებიც გამოწვევისთვის მაღალ დონეზე მოამზადებენ. ჯერ ოფიციალური არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.
