გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

მომენტები ჰქონდა და პენალტს ითხოვდა - გულიაშვილის კარგი მატჩი ეიბართან

„რასინგში“ გადასვლის შემდეგ გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის თითქმის ყველა შეხვედრაში აქტიურია და საგოლე აქტივის გახსნას მაქსიმალურად ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. ამჯერადაც ასე იყო - სეგუნდადივიზიონის 26-ე ტურში სანტანდერელები სტუმრად „ეიბარს“ დაუპირისპირდნენ და კანტაბრიელების რიგებში ქართველი ლეგიონერი აშკარად გამორჩეული იყო.

პირველ ტაიმში „სარაევოს“ ყოფილ კაპიტანს ორი კარგი მომენტი შეექმნა - ჯერ დასარტყმელ პოზიციაზე გასულს მცველმა ბოლო მომენტში შეუშალა ხელი, ხოლო მოგვიანებით გიორგიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად სცადა გატანა და მცირედით ააცილა. მეორე ნახევრის დასაწყისში „რასინგის“ ქართველი შემტევი მასპინძლების საჯარიმოში წაიქცა და გამეორებაზე გამოჩნდა, რომ კონტაქტი მართლაც იყო, თუმცა არბიტრმა რეაგირებისგან თავის შეიკავა. გიორგი 70-ე წუთზე შეცვალეს და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ინჩასებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს. საერთო ჯამში გულიაშვილმა პასები 88-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 14-ჯერ შეეხო, 2-ჯერ დაკარგა და ათბალიანი სისტემით 6.2 მეათედი შეფასება მიიღო.

გიორგის გასვლის მომენტში სანტანდერელები ანდრეს მარტინის გოლით მინიმალური სხვაობით იგებდნენ, ქართველის შეცვლიდან ერთ წუთში კი „ეიბარმა“ წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე „რასინგის“ მდგომარეობა დამძიმდა, რადგან არბიტრმა გონსალო პუერტა გააძევა. მიუხედავად დროის სიმცირისა, ეიბარელებმა რიცხობრივ უმრავლესობაში ყოფნით ისარგებლეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანეს და ჩემპიონატის ლიდერი 2:1 დაამარცხეს.

26 ტურში დაგროვებული 47 ქულით „რასინგი“ გათამაშების ლიდერია, თუმცა თუ დღეს „კასტელონი“ „დეპორტივოს“ დაამარცხებს, ლიდერის პოზიციაზე გადავა. მომდევნო ტურში გიორგი გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები 22 თებერვალს, „ბურგოსს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი | კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია
გოლი და საგოლე პასი | კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია