ჰაიდენჰაიმის ზედიზედ მეოთხე მარცხი - ზივზივაძის 9 წუთი
„ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, რის გამოც საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლუბს ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ფრანკ შმიდტმა „აუგბურგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, სადაც მისი მომზადებული გუნდი მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა, ახლადგამოჯანმრთელებული ბუდუ ზივზივაძე ცვლილებაზე მხოლოდ მაშინ შეუშვა, როდესაც გოლი გაუშვეს, თუმცა ქართველ ფორვარდს მცირე დრო მიეცა და ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
ანგარიში 79-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „აუგსბურგის“ ფრანგმა ლეგიონერმა ალექსის კლოდ-მორისმა დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. გაშვებული გოლისთანავე, 81-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე ზივზივაძე გამოჩნდა, რომელიც 9 წუთში ბურთს მხოლოდ 3-ჯერ შეეხო და 2 ზუსტი პასი შეასრულა, კომპენსირებულ დროში კი მეტოქე გუნდის მცველთან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
ცნობისათვის, 22 ტურში დაგროვებული 13 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე კი 13 შეხვედრაში 1 გოლია.