ანრი ბარსელონაზე - „ტოპ დონის ცენტრალური მცველები სჭირდებათ“
საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ექსფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად CBS Sports-ზე ექსპერტად მუშაობს, ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელების მორიგი წარუმატებელი გამოსვლა შეაფასა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსწორების გზებზე ისაუბრა.
„ამ „ბარსელონას“ ტოპ-დონის მცველები სჭირდება. შეგვიძლია, უსასრულოდ ვისაუბროთ მსაჯობაზე, თუმცა ასევე თვითკრიტიკაა საჭირო. ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო 10 წელიწადში ისევ ასეთი რაღაცები განმეორდება. ეს უბრალოდ სირცხვილია.
დიდ ევროპულ მატჩებში დაცვის მაღალი ხაზით თამაში ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს. უკვე მეორე წელია, ამას ვამბობ: ასეთი მიდგომით „ბარსელონა“ მეტოქეს აძლევს შესაძლებლობებს მაშინაც კი, როდესაც მატჩებში დომინირებს - პლეიოფში ასეთი მატჩების მოგება ძალიან რთულია.
სტაბილურობის გარეშე ასეთ დონეზე ხანგრძლივად თამაში შეუძლებელია. პირდაპირ ვიტყვი: მომდევნო სეზონში გუნდს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ელიტური ცენტრალური მცველები. თუ არ გაქვს საკმარისი გამძლეობა და სისწრაფე, რომ ეს სივრცეები დაიცვა, მაშინ ნამდვილი კოშმარი გელოდება. ეს უბრალოდ ცუდი მატჩი არაა: ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს“.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური დაპირისპირება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმო და ტურნირს გამოეთიშა. ორივე შემთხვევაში კატალონიურმა გუნდმა მატჩები 10 ფეხბურთელით დაასრულა - „კამპ ნოუზე“ წითელი ბარათი პაუ კუბარსიმ მიიღო, ხოლო „მეტროპოლიტანოზე“ მსაჯმა მოედნიდან ერიკ გარსია გააძევა.