„ასეთ პასუხს გაგცემთ“ - იანი წონის შეცვლაზე
პიოტრ იანმა რამდენიმე დღის წინ რთული ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის და როგორც მედიისთვის ინტერვიუების მიცემისთვის, ასევე სოციალურ ქსელში აქტიურობისთვის UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რუს ჩემპიონს საკმარისზე მეტი დრო აქვს. სწორედ ამიტომ, იანი შერეულ ორთაბრძოლებთან დაკავშირებით გულშემატკივრების მიერ გაგზავნილ თითქმის ყველა შეკითხვას პასუხობს. ამჯერად ქომაგები დაინტერესდნენ იმით, აპირებს თუ არა იანი წონის შეცვლას, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ამასთან დაკავშირებით ასეთ პასუხს გაგცემთ - შემოთავაზება არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ჯერჯერობით სხვა დივიზიონში გადასვლისგან თავს შევიკავებდი. ვაპირებ სუპერმსუბუქ წონაში დავრჩე და რამდენიმე თვის წინ მოპოვებული ტიტული ბევრჯერ დავიცვა. მომავალში რა იქნება კი, ამის თაობაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, სარეაბილიტაციო პროცესი მალე დავასრულო და საყვარელ საქმეს უმოკლეს ვადაში დავუბრუნდე“.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა საჩემპიონო ქამარი დეკემბერში მერაბ დვალიშვილთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოპოვებული გამარჯვებით მიიღო. მათი რემატჩი წესით მალე უნდა შემდგარიყო, თუმცა იანმა ოპერაცია გაიკეთა და ის სავარაუდოდ ბრძოლისთვის მზად ივლისისთვის იქნება.