ისრაელის მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების დაცვას ქულებს ვერ დავუწერ
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ-შიმონმა კომენტარი გააკეთა.
რან ბენ-შიმონი:
„ჩვენ საკმაოდ ხარისხიან გუნდს დავუპირისპირდით. იმედგაცრუებული ვარ ხვიჩასგან(2 გატანილი გოლის გამო). ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. მთლიანობაში საქართველოს სწრაფი და მაღალი დონის შემადგენლობა ჰყავს. ვფიქრობ, გაშვებულ 2 გოლზე კარგი საპასუხო რეაქცია გვქონდა. ამ ფრეს ვიმსახურებდით, შეიძლება ოდნავ მეტსაც.
საქართველოს ნაკრები არის უფრო მეტად ორიენტირებული სწრაფ შეტევებზე, ხოლო ჩვენ ბურთის ფლობაზე. პირველმა გოლმა გარკვეულად ჩვენი გეგმები შეცვალა, მაგრამ მთლიანობაში ჩემი გეგმა განხორციელდა. ისრაელმა დღეს საკმარისი ხასიათი გამოავლინა.
შეცდომები დავუშვით, მაგრამ შეცდომები თამაშის ნაწილია. საქართველოს ნაკრების დაცვას ქულებს ვერ დავუწერ. საბოლოო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ აქ არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ და დიდი მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებდა, თუმცა სამწუხაროდ საკუთარ კარში 2 ბურთი მიიღო. ჯვაროსნების მხრიდან ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ასევე შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს.