„ილია გეიჯისაც დააფინიშებს“ - მერაბ დვალიშვილი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის განცხადებით, მსუბუქის წონის ჩემპიონი ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისაც დააფინიშებს. ამის შესახებ მან TNT Sports-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ილია ჩემი მეგობარია. მასთან მივარჯიშია და ასეთი რამ არც ერთ სხვა სპარინგ პარტნიორთან არ მიგრძვნია, მათ შორის უფრო მძიმე მებრძოლებთანაც.
ილია სხვა დონეზეა. ძალიან ძლიერად ურტყამს, ტექნიკურია, ჭკვიანი და მის მომდევნო მეტოქესაც დააფინიშებს. ჩხუბში ის გრეპლინგს არ მიმართავს, მაგრამ ვარჯიშზე, რა პოზიციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, დაფინიშებას ცდილობს.
თოფურიასთან ჯიუ-ჯიცუშიც მივარჯიშია და მაშინაც ყოველთვის ფინიშს ეძებდა. დანოკაუტებას დანებება მირჩევნია, ამიტომ ილიასთან ვარჯიშისას ჯიუ-ჯიცუს ვამჯობინებ. თუმცა, მასთან სპარინგს არავის ვურჩევდი. არ ვიცი, როგორ პოულობს სპარინგ პარტნიორებს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი თეთრ სახლში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 14 ივნისს გაიმართება. ეს „მატადორისთვის“ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.