„უნდა ვისწავლოთ ასეთ ფეხბურთელებს როგორ გავუმკლავდეთ“ | ისრაელის ნაკრების მწვრთნელი კვარაზე
ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ-შიმონმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა. ბენ-შიმონს „ჯვაროსნების“ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს და მან დუბლის ავტორი შეაქო.
„კვარაცხელია? ერთი მხრივ, სრულ იმედგაცრუებას გრძნობ, მეორე მხრივ კი იმსახურებს, ფეხზე წამოუდგე და ტაში დაუკრა. სამომავლოდ უნდა ვისწავლოთ, ასეთ ფეხბურთელებს როგორ გავუმკლავდეთ.
ჩემი აზრით, ისრაელი საქართველოს ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუ მასზე უკეთესი არ იყო. ბურთს კარგად ვანაწილებდით და თამაშს ვაკონტროლებდით. ის დრო, როდესაც დაცვაში ვდგებოდით და ბურთს ვიშორებდით, არასდროს დაბრუნდება. ამის შანსი ნულია.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა და ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა, 54-ე წუთზე კი ლამაზი გოლით, დუბლი გაიფორმა. ისრაელმა წონასწორობა მე-60 და 64-ე წუთებზე აღადგინა — 2:2.