გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

გიზი მამაგეიშვილი: ჩემთვის უცხო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ შევეცდები უფრო დავიხვეწო

ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა გიზი მამაგეიშვილმა, ისრაელთან მატჩის (2:2) შემდეგ მედიასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა, თავისი დებიუტი შეაფასა.

„უფრო გამიხარდებოდა, რომ მოგვეგო ჩემს სადებიუტო შეხვედრაში. საოცარი შეგრძნებაა ნაკრების მაისურით თამაში. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს სასტარტოდან დავიწყე. ჩემთვის უცხო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ შევეცდები უფრო დავიხვეწო და თამაშიდან თამაშამდე განვვითარდე, რომ ნაკრებმა ჩემგან გაცილებით მეტი მიიღოს.

ფეხბურთი ასეთია - რამდენიმე დღეში შესაძლოა ცაში აფრინდე, შემდეგ კი ძირს დაენარცხო. მენტალურად მზად უნდა იყო, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შემთხვევაში აღმასვლაა და არა პირიქით.

გუნდში ძირითადად ყველას ვიცნობდი, გაუხარდათ ჩემი ნახვა. ბიჭები ყველას მაქსიმალურად კომფორტს უქმნიან, რომ დებიუტანტებმა უფრო თავისუფლად და ლაღად ითამაშონ.

რაც შეეხება კვარას, მიხარია, რომ ნაკრებს ასეთი კაპიტანი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავს ღირსეულად გაართმევს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 მარტს (17:00) ლიეტუვაში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები