მხოლოდ კვარა - ნაკრების სუსტი მეორე ტაიმი და ფრე ისრაელთან
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მარტის ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ვილი სანიოლმა წინა შესარჩევ ციკლში არჩეული 4-მცველიანი სქემა შეცვალა და უფრო ოპტიმალურ (ნაცად) 5-3-2-ს დაუბრუნდა, თუმცა შემადგენლობა საკმაოდ პრაგმატულად იყო შერჩეული, რაც გუნდის თამაშზე პირდაპირ აისახა. მოედანზე მხოლოდ კვარაცხელია ჩანდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. სხვამ ვერავინ ვერაფერი შექმნა.
ვერ ვნახეთ ვერც ერთი დამუშავებული კომბინაცია. ერთადერთი ახალი და მოულოდნელი რაც იყო - გიზი მამაგეიშვილი ჯერ მარჯვენა ვინგბექად, შემდეგ კი მარჯვენა მცველად გამოიცადა...
განსხვავებით ჩვენგან, ისრაელმა ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ტაქტიკურად აშკარად გვაჯობა და ლოგიკური 2 ბურთიც გაგვიტანა. მონდომებაც მეტი ჰქონდათ და უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ 56-ე წუთზე კიტეიშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ, მეტოქემ ბურთზე კონტროლი მარტივად დააწესა და 5-6 წუთში ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. ეს აშკარად თვალშისაცემი მომენტი იყო. ზურიკო დავითაშვილი პოზიციურად და ასევე სათამაშო სტილით განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. ამ ცვლილებამ მატჩის შედეგზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა. თუმცა ეს ამხანაგური იყო და ვიმედოვნოთ, რომ ოფიციალურ შეხვედრებში მსგავსი რამ არ მოხდება.
საერთო ჯამში შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.
მეორე ამხანაგური 29 მარტს ლიეტუვაში გველის. მატჩი 17:00-ზე დაიწყება.