„ნებისმიერ კლუბსა და ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია თამაში“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „კვარას“ გაფორმება „არსენალს“ სურს, და განაცხადა, რომ ხვიჩას ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში.
„თუ გახსოვთ, შარშან პარი სენ-ჟერმენმა ყველა ინგლისურ კლუბს მოუგო, მათ შორის არსენალსაც. ამ შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას ნებისმიერ კლუბსა და ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია თამაში.
ის უკვე მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ტყუილად არ არის, მის მიმართ ამხელა ინტერესი. ეს ბუნებრივია, რადგან კვარაცხელია წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ხვიჩა დაცვაში კარგად თამაშობს, რასაც აქამდე არ აკეთებდა. ფიზიკურად ძლიერია და თამაშის წაკითხვის მხრივ ევროპელ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ The Independent-მა დაწერა, რომ „კვარა“ „არსენალის“ რადარზე იმყოფება. ლონდონელები მის გაფორმებას ზაფხულში აპირებენ და, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ წინადადებით მიმართონ.