ბითაძემ 13 წუთში 4 ქულა ჩააგდო | ორლანდოს ზედიზედ მეექვსე მარცხი
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ფლორიდელებმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგეს და გამთენიისას, „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად დამარცხდნენ — 131:136.
ბითაძე ამ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 13 წუთი და 35 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი სტატისტიკა იყო: 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო — 36 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. ტრისტან და სილვამ 18 ქულა დააგროვა. „კლივლენდის“ მხრიდან 42 ქულით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენმა 26 ქულა მიითვალა, ხოლო ევან მობლიმ მატჩი 19 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 38 მოგება და 34 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „საკრამენტო კინგსია“, რომელსაც 27 მარტს დაუპირისპირდება.