„ქომაგებს შეუძლიათ ამ გუნდით იამაყონ“ | ისრაელის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი
ისრაელის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ-შიმონმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. ბენ-შიმონი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ისრაელმა სიმტკიცე აჩვენა.
„ორი გოლი გავუშვით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, ვდომინირებდით და მატჩს ვაკონტროლებდით. როდესაც მეტოქე გიტანს, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი არ დაკარგო და არ ჩამოიშალო. ჩამორჩენის მიუხედავად, ანგარიში გავათანაბრეთ, ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გოლები გაიტანეს და ბევრს მივაღწიეთ.
ისრაელში, საკუთარ სახლებში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ამ გუნდს შეხედონ და მისით იამაყონ. ეს არის გუნდი, რომელიც არ ტყდება და ნებისმიერ მომენტში მოედანზე მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და პროგრესი გავაგრძელოთ.
შესაძლოა, პირველ ტაიმში მეტოქისადმი ზედმეტი პატივისცემა გამოვიჩინეთ, მაგრამ ბევრი რთული საკითხი იყო, რომლებშიც დეტალებში არ ჩავუღრმავდები. რთული პერიოდი გვიდგას და მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ხალხისთვის სიამაყის საფუძველი მიგვეცა. დღეს საოცრებები მოხდა.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან დუბლით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა, გიორგი მამარდაშვილის კარი კი გაი მიზრაკიმ და ომრი განდელმანმა აიღეს.