„თამაშებს იგებს და განსხვავებას ქმნის“ | Standard არსენალსა და კვარაზე წერს
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Standard-ი „არსენალისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. Standard-მა „მეთოფეებს“ „კვარას“ გაფორმება ურჩია და განაცხადა, რომ ლონდონელებს სწორედ მისნაირი ფეხბურთელი სჭირდებათ.
„არსენალისთვის ეს სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, უკვე ნათელია, რომ „მეთოფეებს“ მნიშვნელოვანი ზაფხული ელოდებათ. ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში ჩემპიონობისთვის ბრძოლის შემდეგ, და განსაკუთრებით იმ გათამაშების ბოლოს, რომელშიც გუნდი ოთხივე ტურნირში შორს გავიდა, ფეხბურთელები როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად ძალიან გადაღლილები იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ „არსენალის“ სპორტულ დირექტორს, ანდრეა ბერტას, ბევრი საქმე ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალი“ მზად არის ზაფხულში ძირითადი გუნდის ფეხბურთელები გაყიდოს, რათა სხვა პოზიციების გასაძლიერებლად ფინანსური რესურსი ჰქონდეს. ბენ უაითსა და მაილს ლუის-სკელის სათამაშო დრო ნაკლებად ჰქონდათ და ისინი იმ ფეხბურთელთა შორის არიან, რომელთა გაყიდვაც სოლიდურ თანხას მოიტანს. ასევე დიდი შანსია, რომ გაბრიელ ჟეზუსი წავიდეს, რადგან მისი კონტრაქტის ბოლო წელი იწყება. მორიგი სატრანსფერო ფანჯარა შეიძლება სავსე იყოს სპეკულაციებით ლეანდრო ტროსარისა და გაბრიელ მარტინელის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „არსენალი“ ფლანგების გაძლიერებას გეგმავს.
ამ კვირაში The Independent-მა დაწერა, რომ „მეთოფეები“ პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებით ინტერესდებიან. ეს „არსენალისთვის“ იქნებოდა ტრანსფერი, რომელიც გუნდის ტრანსფორმაციას მოახდენდა. 25 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში ახლა შედის. ის ელიტური დონის დრიბლიორია და მესამე ნახევარში განსხვავების შექმნის უნარი აქვს.
მთავარი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, ისაა, რომ პარი სენ-ჟერმენს მისი გაყიდვა არ სურს და ამ ეტაპზე არცერთი შეთავაზების განხილვას არ აპირებს. პსჟ მარცხენა გარემარბს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს და მასთან გამოთხოვებას არ გეგმავს. მოკლედ, „არსენალისთვის“ ეს ტრანსფერი ძალიან რთულად განსახორციელებელი იქნება. არადა, მარცხენა ფლანგი, ალბათ, ის პოზიციაა, სადაც კლუბს ყველაზე მეტად შეუძლია გაძლიერება.
ტროსარი სეზონის სტარტზე კარგ ფორმაში იყო, მარტინელი კი ევროტურნირებსა და თასებზე შთამბეჭდავია. თუმცა ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არც ერთს დაუმკვიდრებია თავი, მატჩების ინდივიდუალურად მომგებ ფეხბურთელად. „არსენალი“ ახლა იმ დონეზეა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპაში, ყველა პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეების გაფორმებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ასეთი ფეხბურთელია. მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ევროპაში ჩატარებულ 11 მატჩში მას აქვს 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ამ გოლებიდან სამი „ჩელსის“ წინააღმდეგ მერვედფინალში გაიტანა.
„არსენალს“ მარცხენა ფლანგზე ნამდვილი თამაშის შემომტრიალებელი სჭირდება. შეტევების ფოკუსი საკასა და ოდეგორის საშუალებით ხშირად მარჯვენა ფლანგზე გადადის, თუმცა ლონდონელთა მეტოქეები ვეღარ შეძლებდნენ მის მხარეს ორმაგ ან სამმაგ დაცვას, თუ მეორე ფლანგზე „კვარა“ ელოდებათ.
ამ ეტაპზე ხვიჩას ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლის შანსი მცირე ჩანს. პსჟ-ის პოზიცია ნათელია და თავად ფეხბურთელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ პარიზში ბედნიერია. თუ ამ ფაქტორებიდან რომელიმე შეიცვლება, „არსენალი“ მზად იქნება. თუ „მეთოფეებს“ სურთ შემდეგ ეტაპზე გადასვლა და დომინანტ, ტიტულების მომგებ ძალად ჩამოყალიბება, სწორედ ასეთი დონის ტრანსფერებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი,“ - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, „კვარა“ სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და ისრაელთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.