ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არარეალურად რთულია, მაგრამ...“ - ბრიტანული პრესა კვარასა და არსენალზე

ბოლო დროს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგიდან ინტერესი საგრძნობლად არის გაზრდილი. უკვე დაიწერა „ჩელსის“, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაინტერესებაზე, სულ ბოლოს კი სიას ლონდონის „არსენალიც“ შეემატა.

წამყვანი ბრიტანული გამოცემები „მეთოფეების“ მხრიდან ხვიჩას მიმართ სიმპათიებზე საინტერესო სიახლეებს ავრცელებენ.

The Independent:

„არსენალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის ძირეულ განახლებას გეგმავს და მათ ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს. თუმცა, ქართველი თავდამსხმელის „პსჟ“-დან წასვლა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

დატოვებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს, იმის გათვალისწინებით, რომ მას „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს? ქართველი შემტევი „არსენალის“ იმ პოტენციურ კანდიდატთა სიაშია, რომელთა შეძენასაც ლონდონური კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერების მიზნით გეგმავს.

ლონდონელები ამ ზაფხულს ფეხბურთელების გაყიდვას და ფინანსური ბალანსის დასაცავად ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის დათმობასაც განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა თავდასხმის ხაზს დაეთმოს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მისი გამოსვლა არასტაბილურია, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის დიდ მატჩებში საუკეთესოდ წარმოაჩენა თავი.

Sky Sports:

„არსენალი“ ზაფხულში 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება.

„პსჟ“-ში ქართველ ფეხბურთელს კლუბის გრძელვადიანი პროექტის ქვაკუთხედად მიიჩნევენ და წყაროები მას „თითქმის ხელშეუხებელ“ მოთამაშედ ახასიათებენ. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ეს კი „არსენალს“ აძლევს შანსს, განიხილოს შეტევის ხაზის გაძლიერება მომავალი სეზონისთვის.

„არსენალს“ სურს შეტევის დასკვნით ფაზაში მეტი კრეატიულობა და ინდივიდუალური ოსტატობა დაამატოს, კვარაცხელიას პროფილი კი სრულად შეესაბამება ამ ამბიციას. დაცვის ხაზის გარღვევისა და უმაღლეს დონეზე თამაშის ბედის გადაწყვეტის უნარმა მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაამყარა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ.

„არსენალისთვის“ ეს მცდელობა ერთდროულად დიდ ამბიციასა და სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კალიბრის მოთამაშის შეძენა გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მისი პარიზიდან წამოყვანა შესაძლოა ყველაზე რთულ გამოწვევად იქცეს.

არსებული მდგომარეობით, არც კვარაცხელია და არც „პსჟ“ ამ ზაფხულს ტრანსფერზე არ ფიქრობენ. საქართველოს ნაკრების წევრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის კაპიტნად დაინიშნა, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს, კატარელი მფლობელები კი ფეხბურთელის გაყიდვის არანაირ ფინანსურ საჭიროებას არ გრძნობენ.

Daily Mail:

ივნისში სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის განსაკუთრებით პრემიერ ლიგის ლიდერს - „არსენალს“. 25 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონებს გასულ წელს „ნაპოლიდან“ შეუერთდა. გარიგების ღირებულებამ 69 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, თავად მოთამაშემ კი საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა.

„არსენალი“ გარემარბებისა და ფლანგის მცველის პოზიციებზე გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ მოთამაშეთა შორის, ვის კანდიდატურასაც ლონდონელები განიხილავენ, თუმცა მისი შეძენა არარეალურად მიიჩნევა, რადგან არც ფეხბურთელს და არც „პსჟ“-ს გუნდის შეცვლის გეგმა არ აქვთ.

ჯერჯერობით „არსენალს“ კვარაცხელიას ტრანსფერზე ოფიციალური კონტაქტი არ დაუმყარებია. მოთამაშეც და „პარი სენ-ჟერმენიც“ მტკიცედ აცხადებენ, რომ სხვა კლუბების შეთავაზებების განხილვას არ აპირებენ.

როგორც ვხედავთ, ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე ხვიჩა გუნდის შეცვლაზე არ ფიქრობს. არც პსჟ გეგმავს ქართველს შეელიოს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. იქამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები