„ტიტულის ჩამორთმევას განიხილავდნენ“ - როგორ ახდენდა UFC ილიაზე ზეწოლას
თუ UFC ვერ შეძლებდა ილია თოფურიასთან შეთანხმებას თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ორგანიზაცია სერიოზულად განიხილავდა ვარიანტს, რომლის მიხედვითაც „ელ მატადორს“ მსუბუქ წონაში ტიტულს ჩამოართმევდნენ, ხოლო „ჰაილაითი“ (გეიჯი) მოქმედი საჩემპიონო ქამრისთვის არმან ცარუკიანს დაუპირისპირდებოდა.
ამის შესახებ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა ისაუბრა, რომელიც ასევე ხაბიბ ნურმაგომედოვის, ისლამ მახაჩევისა და სხვა მებრძოლების მენეჯერიც გახლავთ.
„ის არმან ცარუკიანს ერთპიროვნული ჩემპიონის ტიტულისთვის უნდა შეხვედროდა - ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს UFC-ში. ციფრები არ ვიცი, თუმცა არ ვადანაშაულებ ილიასა და მის გუნდს იმაში, რომ მაქსიმალურად მეტი თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ეს მესმის. მაგრამ ეს სიმართლეა. სწორედ ასე მოხდა ყველაფერი“,
- განაცხადა აბდელაზიზმა TMZ Sports-თან ინტერვიუში.
სავარაუდოდ, აღნიშნული სცენარი დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იყო ქართველ მებრძოლზე, რომელმაც თავიდან გეიჯისთან თეთრ სახლში ბრძოლაზე უარი თქვა, თუმცა საბოლოოდ დათანხმდა, რომ 14 ივნისს სათავეში ჩაუდგეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებას და გეიჯისთან იჩხუბოს.