ფრე ლატვიასთან | 21-წლამდელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს
21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ქუთაისში ლატვიელ თანატოლებს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდად 41-ე წუთზე გიორგი გვასალიას მოედნიდან გაძევება უნდა ჩაითვალოს, როცა მსაჯმა ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიშის გახსნა ბართიშვილს შეეძლო, 53-ე წუთზე კი ლატვიელთა სწრაფი შეტევა გოლად მარკუს სტროდსმა აქცია. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა, რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება სცადა, სვანაძემ შეტევა დეისაძისა და პარკაძის შეყვანით გააძლიერა, რამაც შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო - გოლი ირაკლი იეგოიანის ანგარიშზეა. „ექსელსიორის“ ფეხბურთელს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი „მაკრატელა“ ლატვიელთა მეკარემ მოიგერია.
6 ტურის შემდეგ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 6 ქულით მეოთხე ადგილზეა. პირველზე 18 ქულით საბერძნეთია, მეორეზე კი 12 ქულით გერმანია. მომდევნო ტურში 31 მარტს სვანაძის გუნდი ქუთაისში მალტას დაუპირისპირდება.
შემადგენლობა:
ბერუაშვილი, გვასალია, ამისულაშვილი (პარკაძე,73), ნარიმანიძე, ხარებაშვილი(ტაბატაძე, 73), სიგუა, იეგოიანი, დადიანი, ჯაფარიძე (ცეცხლაძე, 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი,44), ბართიშვილი (დეისაძე,73).