ბორტოლამი: „რაც უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, უკეთესები გავხდებით“
2026 წელი ქართული რაგბისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ასევე „შავ ლომს“ საპასუხისმგებლო მატჩების გამართვა მოუწევს. სანამ ახალი მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი საქმეს შეუდგება, ფრანგი სპეციალისტის მოვალეობას მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი ასრულებს, რომელმაც „შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასზე სათამაშოდ უკვე ორ მატჩში გაიყვანა, საიდანაც ქართველმა მორაგბეებმა ერთი მოიგეს, ერთში კი დამარცხდნენ. ბორტოლამი დღეს გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრად იმყოფებოდა და უამრავ საინტერესო საკითხზე ასეთი კომენტარები გააკეთა:
„ქართული რაგბის შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როდესაც 2003 წელს იტალიის ნაკრებში ასპარეზობისას, ბორჯღალოსნებს ამხანაგურ მატჩში დავუპირისპირდი. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნული გუნდი მთელმა სარაგბო სამყარომ გაიცნო, რადგან უელსთან და იტალიასთან ხმაურიანი გამარჯვებები მოიპოვა. ვიცი, რომ ქართველი მორაგბეების სავიზიტო ბარათი ძლიერი შერკინება გახლდათ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში თამაშის სისწრაფეშიც მოუმატეს.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო ორი თამაშის ჩატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მორაგბეები ახლოს გავიცანი და მათ კარგად ავუხსენი, რომ რაც უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, მით უფრო უკეთესები გავხდებით. კარგად მესმის ქართველი გულშემატკივრის - იტალიის კლუბებიც დიდი ხნის განმავლობაში, 2010 წლამდე ელოდებოდნენ, სანამ უმაღლესი დონის ტურნირებში თამაშის საშუალებას მისცემდნენ და მანამდე მე და ჩემი თაობის სხვა იტალიელი მორაგბეები ოსტატობის ამაღლებას ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში თამაშით ვცდილობდით.
რაც შეეხება მსოფლიოს თასს, გეტყვით, რომ ჩემს სამშობლოში საქართველოს ნაკრებს ურთულეს ოპონენტად თვლიან და იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კენჭისყრის შედეგები არ ესიამოვნა. უნდა ვეცადოთ ყოველდღიურად ვიშრომოთ, რათა 2027 წლის შემოდგომისთვის ისეთ ფორმაში ვიყოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და პლეი ოფში გავიდეთ“.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრები 8 თებერვლიდან რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე დაიწყებს გამოსვლას და ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნების მეტოქე შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება.