„ქართველები უშიშარი ხალხი ვართ“ - ასლანის კომენტარი მატჩის შემდეგ
ლატვიაში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ხორვატიას ფრედ, 2:2 ეთამაშა.
შეხვედრის მთავარი გმირი ჩვენი გუნდის მეკარე, ალი ასლანი გახდა, რომელმაც 33 მოგერიება შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადაეცა.

ალი ასლანიმ თამაშის დასრულების შემდეგ თავისი პერფორმანსი UEFA-სთან შეაჯამა.
რა თქვა ასლანიმ:
„შესანიშნავი თამაში იყო... პირველ მატჩში, ლატვიასთან განცდილი მარცხის (0:4) და წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს; ეს გუნდური სპორტია და არა მხოლოდ ერთი მოთამაშის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან.“
„ყველაფერი უნდა გავიღოთ და, შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საფრანგეთის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ძლიერები არიან და კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ საქართველო ვართ და ქართველები უშიშარი ხალხია. არ ვიცით, რა იქნება შედეგი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი — ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.“
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 28 იანვარს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.