ასლანის 33 მოგერიება - საქართველომ ხორვატიასთან 1 ქულა აიღო
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხორვატიას დაუპირისპირდა და 1 ქულა აიღო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში ხორვატები დომინირებდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, თუმცა ანგარიში ასათიანის შეგირდებმა გახსნეს. კუთხურს სეკულიჩის ავტოგოლი მოყვა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე საქართველო იგებდა, თუმცა მე-16 წუთზე კუსტურამ წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევრის შემდეგ, ასლანის 21 მოგერიება ჰქონდა.
მეორე ტაიმი ხორვატებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და საკმაოდ მალევე დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე დე ლიმამ ხორვატია წინ გაიყვანა. გაშვებული გოლის შემდეგ, ასათიანის გუნდს ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ღავთაძემ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.
განსხვავებით პირველი ტაიმისგან, მეორეში საქართველო შედარებით უკეთესი იყო და მომენტებსაც ქმნიდა. ამის პარალელურად კი ასლანი კვლავ ბრწყინავდა. 35-ე წუთზე კი კეკელიამ წონასწორობა აღადგინა.
მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, საქართველოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალი ასლანიმ მოიგერია და შეხვედრაში 31-ე მოგერიება მიითვალა. ჯამში კი მან 33-ჯერ გადაარჩინა საქართველოს ნაკრები.
ამ მატჩის შემდეგ, ასათიანის გაწვრთნილ გუნდს 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არსებობს. შემდეგ ტურში, საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.