ქართული დაპირისპირება ესპანეთში - შერმადინმა შენგელია დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XVII ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ არამარტო სპორტის ამ სახეობის ადგილობრივი ქომაგების, არამედ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ყურადღებაც მიიქცია. ამის მიზეზი მარტივია - კატალონიაში „ბარსელონამ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, „ლაგუნა ტენერიფეს“ უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, 82:89 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში კი განსაკუთრებული როლი გიორგი შერმადინმა ითამაშა, რომელიც კანარის კუნძულების გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
შერმადინმა 21 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. „ლაგუნა ტენერიფეს“ 36 წლის ქართველმა ცენტრმა ათიდან ექვსი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. მან ხუთივე მოხსნა დაცვაში შეასრულა და ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანს სუსტი მატჩი ჰქონდა. თოკომ პარკეტზე გატარებულ 22 წუთში მხოლოდ 5 ქულას, 2 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. შენგელიამ შვიდიდან ორი ორქულიანი და ოთხიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისათვის, ამ გამარჯვებით „ლაგუნა ტენერიფემ“ ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად გაინაღდა. შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაში „ტრიესტესთან“ გამართავენ, ხოლო „ბარსელონა“ ევროლიგაში „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება.