კაპიტნის ვარჯიში და შემადგენლობა - გადამწყვეტი მატჩი შავი ლომისთვის
ხვალ, საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას იტალიის „ძებრესთან“ გამართავს. ერთი კვირის წინ საფრანგეთში „მონტობანის“ ბონუს-ქულით დამარცხებამ გააჩინა მცირე შანსი იმისა, რომ ქართველმა მორაგბეებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვონ და მიზნის მისაღწევად აპენინელების დამარცხება აუცილებელია, თუმცა „შავი ლომი“ ბოლომდე საკუთარ თავზე დამოკიდებული მაინც არ არის.
რას არის საჭირო პლეი ოფში გასასვლელად? იტალიელებს თბილისში ბონუს-ქულით (მინიმუმ 4 ლელო გავიტანოთ) უნდა ვაჯობოთ და თანაც ისე, რომ სტუმრებმა ქულაც ვერ აიღონ (4 ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის). თუ „ძებრემ“ 4 ლელო გაიტანა, მაშინ მას 33-ქულიანი სხვაობით უნდა ვძლიოთ.
თეორიულად, არსებობს ირლანდიური „კონახტის“ გადასწრების შანსი, რომელიც 8 ქულით მე-4 ადგილზეა, მაგრამ ის დასკვნით ტურში უმოტივაციო აუტსაიდერს - „მონტობანს“ მასპინძლობს და დიდი ალბათობით გაიმარჯვებს.
პრინციპული შეხვედრისთვის „შავი ლომის“ იტალიელმა დამრიგებელმა მარკო ბორტოლამიმ შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილებაა - სასტარტოში თამაშს ლუკა თაყაიშვილის ნაცვლად შალვა აფციაური დაიწყებს.
შავი ლომის შემადგენლობა
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.
ცნობისათვის, „შავი ლომი“ და “ძებრე“ აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და მაშინ იტალიელებმა 26:12 გაიმარჯვეს. შეხვედრა ხვალ, ავჭალის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.