ჟოზე მოურინიო, ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ვინისიუსი წმინდანი არ არის, მაგრამ ეს ზედმეტია“ - ჟოზე ესპანიოლთან მატჩის შემდეგ

ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ, მადრიდის რეალმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და სტუმრად ესპანიოლი უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „განსაკუთრებულმა“ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მოურინიომ?

„გამარჯვება. დავიმსახურეთ, მაგრამ „ესპანიოლს“ წაგება არ დაუმსახურებია. ასე ხდება. მეორე ტაიმში ბურთს დიდხანს ვაკონტროლებდით, თუმცა ისინი ძალიან კარგად, მაქსიმუმის ზღვარზე თამაშობდნენ. მათთვის რთული უნდა იყოს, ქულების გარეშე დარჩნენ. უნდა გავითვალისწინოთ მათი ფიზიკური მდგომარეობაც. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები არ ჰყოლიათ და უკვე რამდენიმე კვირაა ერთად ვარჯიშობენ. ჩვენ კი სათამაშო პრაქტიკა და დატვირთვა გვაკლია. ეს მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება იყო — სკამიდან მოპოვებული გამარჯვება. იმედგაცრუებული სათადარიგოთა სკამი გუნდს ვერ ეხმარება, სრულად ჩართული კი ძალიან ბევრს აკეთებს.“

ვინისიუსზე:

„ის წმინდანი არ არის, მაგრამ რასაც მას უკეთებენ, უკვე მეტისმეტია. პირველივე წუთიდან. ამას უკვე გარკვეული კანონზომიერება აქვს — ერთი მოწინააღმდეგიდან მეორეზე მეორდება. მე ვარღვევ წესს მასზე, შემდეგ შენ არღვევ. თუ მე ყვითელ ბარათს ვიღებ, შენ მას ეუხეშები. თუ მე შევიცვლები, სხვა ფეხბურთელი შემოდის, რომელსაც ყვითელი ბარათი არ აქვს და ისიც მას ეუხეშება.

მას ემოციების ძალიან კარგად კონტროლი სჭირდება. ვუთხარი კიდეც, რომ თუ გოლს გაიტანს, აღნიშვნისას ფრთხილად ყოფილიყო. ჩვენ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ვინის შემთხვევაში კვლავ ბულინგთან გვაქვს საქმე — როგორც მოწინააღმდეგეების, ისე გულშემატკივრების მხრიდან. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად მოვამზადოთ და ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს ამას.“

ბელინგემზე:

„ეს მისი პოზიციაა, მას გოლის ალღო აქვს. ეჭვი მეპარებოდა, სასტარტოში დამეყენებინა თუ არა. თუ მას დაცვით ან ცენტრალურ ნახევარმცველად ვათამაშებთ, შეტევაში გარკვეულ სიმწვავეს ვკარგავთ. როდესაც სრულად მზად არის, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ამ პოზიციაზე ფედეს გარკვეულ შესაძლებლობებს ვკარგავთ, მაგრამ ბერნარდოსთან ერთად ის ნაკლებად მიდის წინ. ჩვენ ერთმანეთის უკეთ გაცნობას ვაგრძელებთ და მთავარია, ქულების დაკარგვის გარეშე გავუმჯობესდეთ.“

ესპიზე:

„ძალიან მხიარული ბიჭია. ვალდებებასზე ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვსაუზმობთ, ვსადილობთ და ვვახშმობთ. ხვალ მისი პრეზენტაციაა. ის ფანტაზიის სამყაროში არ ცხოვრობს. წარმოუდგენლად ბევრს შრომობს. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. როდესაც გავიგეთ, რომ შესაძლოა გონსალო წასულიყო, მისი პროფილი შევისწავლეთ და ის ჩვენთვის შესანიშნავი ვარიანტი აღმოჩნდა.“

შეგახსენებთ, რომ ანგარიში მე-9 წუთზე ჯუდ ბელინგემმა გახსნა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ესპიმ 90-ე წუთზე გაიტანა. ლა ლიგის მორიგ ტურში სამეფო კლუბი სოსიედადს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 26 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები