სევილიამ ბილბაოს დამაჯერებლად მოუგო | ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის მეორე ტურში 10-კაციანი ბილბაო შინ სევილიასთან 1:3 დამარცხდა.
ედენ ტერზიჩის დებიუტი ბილბაოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი გამოვიდა, რაზეც ცხადია გავლენა რიცხვობრივ უმცირესობაში თამაშმაც მოახდინა. მე-11 წუთზე არბიტრმა ბილბაოს მარცხენა მცველი იური ბერჩიჩე მოედნიდან გააძევა.
რაც შეეხება ანდალუსიელთა გოლებს, მე-15 წუთზე 23 წლის ოსომ ანგარიში გახსნა, 50-ე წუთზე ისააკ რომეროს საგოლე პასით ნიგერიელმა ჩიდერა ეჯუკემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 57-ე წუთზე ოსოს პასის შემდეგ ისააკ რომერომ შეაგდო. 70-ე წუთზე აიტორ პარედესმა ანგარიში შეამცირა.
სევილიას სათადარიგოთა სკამზე ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იჯდა, რომელიც „წითელ-თეთრებმა'' გუშინ გაიფორმეს და დღეს უკვე სამატჩო განაცხადში შეიყვანეს. მისი დებიუტი დღეს არ შედგა, გადაიდო.
სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ ბილბაოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა: „მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელები თანდათან გვიერთდებიან. ქოჩო ბილბაოში გაემგზავრება, ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა. სავარაუდოდ, ის არ ითამაშებს, პირველივე წუთიდან თამაშისთვის მზად არაა, თუმცა შესაძლოა მაინც გამოვიყენოთ, წინასწარ არასდროს იცი... მიემგზავრება იმისთვის, რომ ადაპტაცია გაიაროს, თანაგუნდელები გაიცნოს და ასე შემდეგ''.
მე-3 ტურში სევილია მადრიდის ატლეტიკოს მიიღებს, მატჩი 29 აგვისტოს გაიმართება. შესაძლოა, ქოჩორაშვილის დებიუტი დიეგო სიმეონეს გუნდთან შედგეს.
სევილიამ პირველ ტურში შინ რაიო ვალეკანოს 2:1 მოუგო. ასე რომ ორი ტურის შემდეგ მის აქტივში 6 ქულაა.