კარიერას MLS-ში გააგრძელებს | მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება
რუმინული ავტორიტეტული გამოცემის, Digi Sport-ის ცნობით, რუმინეთის ჩემპიონ „კრაიოვას“ ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი თანახმაა კარიერა MLS-ის „ჩიკაგო ფაიერში“ გააგრძელოს. ევროპა ლიგის ფლეი-ოფში „არარატ-არმენიასთან“ საპასუხო მატჩის (27 აგვისტოს გაიმართება) შემდეგ მექვაბიშვილი კლუბს დაემშვიდობება და აშშ-ში გაემგზავრება.
კლუბებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს, „ჩიკაგო ფაიერმა“ ქართველის სანაცვლოდ „კრაიოვას“ 2,1 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც პასუხი დადებითი იყო.
ცნობისთვის, „ჩიკაგო ფაიერი“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს და 19 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს. ლევანდოვსკის გუნდი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა, მხოლოდ „ნეშვილსა“ და „ინტერ მაიამის“ ჩამორჩება.
2024 წლის იანვარში „კრაიოვამ“ მექვაბიშვილი „დინამო თბილისიდან“ 750 000 ევროდ შეიძინა. „კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებულია, რაშიც ქართველის წვლილი დიდია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ყველა ტურნირის ჩათვლით „კრაიოვას“ მაისურით 117 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა,13 ყვითელი ბარათი მიიღო.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა, 16 შეცვლაზე, 4 საგოლე პასი შეასრულა, 3 ყვითელი ბარათი მიიღო.