„არის გარკვეული ნიუანსები, რისი შეცვლაც შეიძლება“ - ნარიაშვილი შერკინების მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შერკინების მწვრთნელად მიხეილ ნარიაშვილი დაინიშნა. 35 წლის ვეტერანი ბორჯღალოსანი, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, პიერ-ანრი ბრონკანსა და მარკო ბორტოლამის ეროვნულ გუნდში ამ კომპონენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ბოლო პერიოდში ნარიაშვილმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ „შავი ლომის“ რიგებში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყო და 20-წლამდე ნაკრებში შერკინებას ამზადებდა, ახლა კი იგივე ფუნქციები ეროვნულ გუნდშიც დაეკისრება. 35 წლის ვეტერანმა მორაგბემ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან გააკეთა.
მიხეილ ნარიაშვილი
ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვიმედოვნებ, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად შევასრულებ. ჩვენს შერკინებაში არის გარკვეული ნიუანსები, რისი შეცვლაც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები საქმის დაწყებას და შეკრების პირველ დღეს. მადლობა რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამომიცხადა. ასევე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა. ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ახალ ამპლუაში და მათ აზრი შევაცვლევინო. იმედი მაქვს ჩემი მუშაობის შედეგი უმოკლეს დროში აისახება ჩვენს შერკინებაზე და საბოლოო შედეგებზე.
ჩემი მიზანია, რომ ქართულმა შერკინებამ უმოკლეს დროში შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა. ვფიქრობ, ამ კუთხით ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე განვლილ თამაშებში ვაჩვენეთ. საინტერესო იქნება იმ მოთამაშეებთან მუშაობა, რომელთა მხარდამხარ რამდენიმე წლის წინ თავად ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები საკუთარი დამოკიდებულებითა და პროფესიონალური მიდგომებით საქმეს გამიადვილებენ და მუშაობის პროცესს სასიამოვნოს გახდიან. ახალგაზრდებს კი წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გავუზიარებ და ეს მათ წაადგებათ განვითარებაში, რაც ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს გამოადგება.
ბრონკანთან შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ „კასტრისა“ და „ტულუზას“ წინააღმდეგ თამაშებს, სადაც ის შესაბამისად მთავარი და ასისტენტი მწვრთნელი იყო. ასევე არ ვიცნობ ბორტოლამის. იმედია მათთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება და რაც მთავარია, კარგ გარემოში შევძლებთ მუშაობას.
რაც შეეხება ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში პარალელურ რეჟიმში მუშაობას, ეს უფრო დადებით მხარედ მიმაჩნია, ვიდრე პრობლემად. ერთადერთი პერიოდი, როდესაც შეიძლება სირთულე წარმოიქმნას ზაფხულია, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიო თასი და ეროვნული გუნდის ტურნე ერთმანეთს ემთხვევა. მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტად ხარ ჩართული სამწვრთნელო საქმიანობაში და რაც უფრო დიდ დროს ატარებ მოედანზე, მით უფრო იხვეწები და ვითარდები. ასე, რომ ამ ორი საქმის შეთავსება სასიამოვნოდ და სასარგებლოდ მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ მათ თავს კარგად გავართმევ.
ცნობისათვის, მიხეილ ნარიაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში 2021 წელს, ესპანელებთან მატჩში შედგა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების რიგებში სამ მსოფლიოს თასზე იასპარეზა და საერთო ჯამში გამართულ 75 მატჩში 2 ლელო დადო.