„ჯგუფიდან გასვლა იტალიასთან მოგებით“ - კაჭარავამ ბრონკანს მიზანი დაუსახა
2027 წლის მსოფლიოს თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პიერ-ანრი ბრონკანი მოამზადებს. ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, თუმცა რა ამოცანები დაუსახეს საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა „ბორჯალოსნების“ ახალ დამრიგებელს, ამის თაობაზე აქამდე არაფერი თქმულა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას და იმ ამბიციური მიზნების შესახებ გაამხილა, რომლის შესრულებაზეც „ბრივის“ ამჟამინდელმა და საქართველოს ნაკრების მომავალმა თავკაცმა უნდა იზრუნოს.
დავით კაჭარავა
ბრონკანთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა და მთავარი მიზანი მსოფლიოს თასის ჯგუფიდან გასვლა იქნება იტალიასთან მოგების ფონზე. თუმცა, აქვე მინდა აპენინელებზე ვთქვა, რომ ისინი განვითარების ახალ საფეხურზე დგანან და მატჩიდან მატჩამდე მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობენ. თუ ადრე ერთ შეხვედრას ჩაატარებდნენ კარგად და მხოლოდ პერიოდული გამონათებები ჰქონდათ, ახლა სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯებიან.
დღევანდელ მოცემულობას თუ ავიღებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რა დონის მეტოქეებს ეთამაშებიან იტალიელები, ისინი ფავორიტებად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა მათ წინააღმდეგ მოგების გამოცდილება არცთუ შორეულ წარსულში გვაქვს და ჩემი აზრით, სათანადოდ მომზადების შემთხვევაში, შანსები 50/50-ზე იქნება. პირადად მე გამიხარდა მათთან ერთ ჯგუფში მოხვედრა, რადგან წლებია ჩვენ მეტოქეობაზე საუბრობენ და სპორტიც ხომ ერთი დიდი გამოწვევაა.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნება.