სადებიუტო ლელო - აფციაურმა TOP 14-ში ანგარიში გახსნა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის 2025-2026 წლების სეზონის გათამაშების XIV ტური ირაკლი აფციაურს არასოდეს დაავიწყდება. „ლიონის“ 22 წლის ქართველმა მორაგბემ „რასინგთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, სადაც ის და მისი თანაგუნდელები მინიმალური სხვაობით, 34:35 დამარცხდნენ, TOP 14-ში კარიერაში სადებიუტო ლელო დადო.
აფციაური ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შემოსვლიდან ხუთ წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. რაც შეეხება „რასინგს“ ამ გუნდის სასტარტოში იყო ტრადიციულად გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც საიმედო თამაშით თავისიანების გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
ცნობისათვის, ირაკლი აფციაური მესამე სეზონია TOP 14-ში თამაშობს და თუ სადებიუტო წელს „გრენობლის“ ღირსება მხოლოდ ერთ მატჩში დაიცვა, „ლიონში“ გადასვლის შემდეგ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მიიღო და ამ კლუბისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.