მიკელ არტეტა, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„ოსტატობა დიდ მატჩებში ბევრს წყვეტს“ - კერიკმა არტეტას აჯობა და დარჩენა სურს

მაიკლ კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას შთამბეჭდავად იწყებს - ერთი კვირის წინ სადებიუტო შეხვედრაში მისმა მომზადებულმა „ალისფერმა ეშმაკებმა“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ „ოლდ ტრაფორდზე“ 2:0 მოუგეს, ამჯერად კი სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერსა და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს „არსენალს“ 3:2 აჯობეს, რითაც „მეთოფეებთან“ სტუმრად 13-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. ბუნებრივია, საფინალო სასტვენის შემდეგ საინტერესო იყო როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბის მთავარი მწვრთნელის კომენტარის მოსმენა.

მიკელ არტეტა

მატჩი კარგად დავიწყეთ და საწყისი ნახევარი საათის განმავლობაში ვდომინირებდით. გარდა ამისა, გავიტანეთ ბურთი და გვქონდა ორი ფანტასტიური მომენტი. რა მოხდა ამის შემდეგ? მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ. ვიცი, რომ შეცდომა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამ ეპიზოდმა „მანიუს“ ფრთები შეასხა და თამაშის ხასიათიც შეცვალა. შესვენების შემდეგ საჭირო ზონებში ბურთს ვეღარ ვინარჩუნებდით, თამაში გაიხსნა და „იუნაიტედმა“ ორი ზღაპრული გოლი გაიტანა, პრემიერლიგის დიდ მატჩებში კი ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობა ყოველთვის ბევრ რამეს წყვეტს.

მაიკლ კერიკი

მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ფეხბურთელებს ყველაფერ იმისათვის, რაც ამ მატჩის მოსაგებად გაიღეს. ნორმალურია, როდესაც ცდილობ მათ დახმარებას და რჩევების მიცემას, მაგრამ თუ შენ სიტყვებს არ გაითავისებენ, არაფერი გამოვა. ჩემი მოსვლის შემდეგ კი ერთიანობის განცდა ყოველთვის იგრძნობა და ჩანს სათადარიგო ფეხბურთელებშიც, რაც განსაკუთრებულად მახარებს. ძალიან მომწონს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობა, მაგრამ კვირიდან კვირამდე ვცხოვრობ და რა იქნება მომავალში, წარმოდგენა არ მაქვს.

ცნობისათვის, „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგაში ერთ შეხვედრაში სამი ბურთი 83-მატჩიანი პაუზის შემდეგ გაუშვა - ბოლოს ამდენი „მეთოფეებს“ 2023 წლის დეკემბერში „ლუთონმა“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ირონიული და სასაცილოა“ - კინი ევანსის დანიშვნამ აღაშფოთა
„ირონიული და სასაცილოა“ - კინი ევანსის დანიშვნამ აღაშფოთა