გამარჯვება ქუვეითთან - ხელბურთელები ევროპირველობისთვის ემზადებიან
სამშობლოში რამდენიმეკვირიანი საწვრთნელი პროცესისა და საუდის არაბეთთან გამართული საკონტროლო შეხვედრის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სლოვენიაში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით პროცესს იქ გაივლის. მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყებამდე საზღვარგარეთ ორი სპარინგის ჩატარება იყო დაგეგმილი, საიდანაც ერთი გუშინ გაიმართა.
ქართველმა ხელბურთელებმა მოსამზადებელი მატჩი ქუვეითის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე 4-ბურთიანი სხვაობით, 28:24 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი 8 გოლით გიორგი დიხამინჯია გახლდათ, 6 ბურთით გამოიჩინა თავი გიორგი ცხოვრებაძემ, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძემ მოწინააღმდეგე გუნდის კარი 5-ჯერ აიღო.
ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს და მისი მეტოქე ალჟირის ეროვნული გუნდი იქნება. კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე კი ქართველი ხელბურთელები შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებენ.