„საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ“ - არსენაშვილი ევროპირველობას იმედიანად ხვდება
რამდენიმე დღეში ხელბურთში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის მიმართაც სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივრის ინტერესი უდიდესია, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრებების სახით, ტიტე კალანდაძის მომზადებულ გუნდს სერიოზული გამომცდელები ეყოლება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინა ევროფორუმთან შედარებით ქართველი ხელბურთელები გაცილებით უფრო გამოცდილები არიან, რასაც Crystalsport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ერეკლე არსენაშვილმაც გაუსვა ხაზი და გუნდში არსებულ განწყობაზე დეტალურად ისაუბრა.
ერეკლე არსენაშვილი
საქართველოს ნაკრებს ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვხვდებით ევროპის უძლიერეს გუნდებს და ესეც რა თქმა უნდა ერთგვარი მოტივაციაა. ახლა თბილისიდან რთულია პროგნოზების გაკეთება და იმის თქმა, თუ რა შეიძლება მოხდეს შვედეთში, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ჩვენი მიზნები გაგვაჩნია, რომლებიც საკმაოდ რთულად შესასრულებელი იქნება.
ერთიცაა, რომ გადავხედოთ საქართველოს ნაკრების ისტორიას, ადვილი მატჩები არასოდეს გვქონია და იოლად მიზნისთვის არასოდეს მიგვიღწევია. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევასა და უდიდეს შრომას. საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ნაკრებს.
მეტოქეებს რაც შეეხება, შვედეთი გამორჩეულია დაცვაში სპეციფიური თამაშით და ასევე შეტევაში ბურთის უსწრაფესი გადატანით. ხორვატია ცნობილია მდიდარი სახელბურთო ტრადიციებით, თუმცა ამჟამად ისინი თაობათა ცვლის პროცესს განიცდიან. გამოცდილი მოთამაშეები თითქმის ყველა წავიდნენ და ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტდნენ, რაც შესაძლოა ერთი მხრივ ჩვენთვის კარგიც იყოს და ცუდიც. ცუდი იმ შემთხვევაში, რომ ახალგაზრდები ალბათ ევროპის ჩემპიონატზე უფრო დიდი მოტივაციით ჩამოვლენ. დაბოლოს, ნიდერლანდებზე გეტყვით, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე თანამედროვე ხელბურთს თამაშობს. არ ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც შორიდან დარტყმა შეუძლიათ, მაგრამ ბურთს იმდენად კარგად ათამაშებენ და კუთხემდე ისე სწრაფად ჩააქვთ, რომ მათი წინააღმდეგობის დაძლევა ნებისმიერ გრანდს უჭირს.
წინა ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად რაც დაგვაკლდა, ეს იყო უპირველეს ყოვლისა გამოცდილება. მას შემდეგ კი უფრო გამოცდილებიც გავხდით და უფრო დახვეწილებიც. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრების ხელბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამ გუნდს თავისი მაქსიმუმი ჯერჯერობით არ უჩვენებია. ბევრ ასპექტებში გვაქვს მომატებული და გარდა ამისა, ამჯერად ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებთ.
ბუნებრივია, თემურ ორჯონიკიძის არყოფნა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია და ეს ფაქტი როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვის დასანანია. ვიცი, რომ ძალიან უნდოდა ჩვენთან ყოფნა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რაც შეეხება ნიკოლოზ კალანდაძეს, მის დადებით თვისებებზე საუბარი ზედმეტია. იმდენად მაღალი კლასის ხელბურთელია, რომ მასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუძლია გრანდებსაც კი ბევრი სიურპრიზი შესთავაზოს.
ცნობისათვის, 2024 წელს გამართულ წინა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამიდან ერთი მატჩი მოიგო და ბოსნიელებს აჯობა. წლევანდელ კონტინენტის პირველობას ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი 17 იანვარს ხორვატებთან (21:00) მატჩით დაიწყებს, რასაც მეორე ტურში 19 იანვარს შვედებთან (23:30) თამაში მოჰყვება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ქართველი ხელბურთელები 21 იანვარს ნიდერლანდებთან (21:00) შეხვედრით დაასრულებენ.