ვერცხლი ევროპაზე - ბელა ხოტენაშვილის წარმატება
მონტე-კარლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ბელა ხოტენაშვილმა წარმატებულად დაასრულა. ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ელვისებურ ჭადრაკში კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი გახდა და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, რითაც 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ხოტენაშვილი პრაქტიკულად მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა და მხოლოდ ბოლო ტურში, მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ გაიყო პირველ-მეორე ადგილი ნიდერლანდელ ელინე რობერსთან და მასთან პირადი შეხვედრის შედეგის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა და მონაწილეობა 30 ქვეყნის 127-მა მოჭადრაკემ მიიღო.
ცნობისათვის, ბელა ხოტენაშვილის გარდა ამავე ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ. პირველმა მათგანმა 9.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა, ხოლო არაბიძემ 9 ქულით მეათე პოზიცია დაიკავა.